ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის წარმატებით ათვისების შემდეგ  შენ იქნები სპეციალისტი, რომელიც კარგად შეძლებს ბიზნესპროცესების  გააზრებას,  გეცოდინება  ბიზნესაქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.  დაუფლები უნარებს, რომელიც დაგეხმარება, თუ როგორ უნდა მოაგროვო მარკეტინგული მონაცემები, გააკეთო ანალიზი, განსაზღვრო ბაზრის შესაძლებლობანი, მოამზადო ანგარიში და წარადგინო, გააკეთო ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, გამოიყენო საბუღალტრო აღრიცხვის სისტემები, მოამზადო ბიუჯეტი და სხვა.

ასეთი ცოდნით ადვილად მოახერხებ შენი ადგილი იპოვნო ბიზნესის უამრავ სფეროში: ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, ფარმაკოლოგიაში, ტექნოლოგიაში, სარეკლამო საქმეში, ფინანსებში და სხვა მრავალ ასპექტში. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი დაგეხმარება დაიკავო პოზიცია ნებისმიერი საწარმოს მართვის ქვედა და საშუალო დონეებზე საჯარო თუ კერძო სექტორში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და ა.შ

 


ეკონომიკა

პროგრამის სრულად და წარმატებით დაძლევა  მოგცემს  ეკონომიკური თეორიების ცოდნას, რითაც შეძლებ გაანალიზო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები, პრიორიტეტები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, დაეუფლები საფინანსო-საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის უნარს.  გექნება ეკონომიკურ მიმართულებათა დისციპლინების (საქართველოს ეკონომიკის, საჯარო ფინანსების, სექტორული ეკონომიკის და სხვათა) თეორიული ცოდნა და ამ ცოდნას გამოიყენებ პრაქტიკაში.

შენ შეძლებ დასაქმდე და წარმატებულ კარიერა შეიქმნა ნებისმიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კომპანიებში, კერძო, სახელმწიფო, მუნიციპალურ საწარმოებში, ბანკებში, ბირჟებზე, საბაჟოებზე, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, საგადასახადო ორგანოებში, სხვადასხვა საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურებში

 

ტურიზმის მენეჯმენტი

ამ პროგრამის წარმატებით გავლა  შენ მოგცემს ფართო თეორიულ და პრაქტიკული ცოდნას ზოგადი მენეჯმენტის სფეროში ტურიზმთან მიმართებაში. კერძოდ,

შეისწავლი სატუმროებისა და საზოგადოებრივი კვების მენეჯმენტის საფუძვლებს, დანიშნულების ადგილების განვითარების მეთოდებს, მგზავრთა ტრანსპორტირების თავისებურებებს, ექსკურსიების დაგეგმვას და ორგანიზებას, სპეციალური ღონიძიებების დაგეგმვას და ბიზნეს-გეგმის შემუშავებას. დაუფლები მარკეტინგულ და სტატისტიკურ მეთოდებს და მათ გამოყენებას ტურიზმის ბიზნესში. გეცოდინება ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე ტენდენციები და მისი განვითარების გზები.

ტურიზმის  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მქონე შეძლებ დაიკავო  პოზიციები ნებისმიერი საწარმოს მართვის ქვედა და საშუალო დონეებზე საჯარო თუ კერძო სექტორებში: მათ შორის: ტურისტული კომპანიის ოფისებში, მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, ადმინისტრაციაში, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში