შპს ქუთაისის უნივერსიტეტი მასპინძლობდა ორდღიან სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში


ამა წლის 9-10 მარტს, შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის CURE პროექტის ფარგლებში შედგა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დონეზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ CURE კონსორციუმის ყველა ქართული ორგანიზაციის წარმომადგენლები:

 

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ისუ)
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი
  3. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“
  4. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნვერსიტეტი
  6. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

 

CURE - ეს არის სწავლებისა და სწავლის მიმართულებით Erasmus + პროგრამის ერთ-ერთი საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელსაც კოორდინატორობას უწევს გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ქ. ჰაიფა, ისრაელი). ხოლო, საქართველოში CURE პროექტის კოორდინატორ დაწესებულებას წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ხელმძღვანელობითაც წარიმართა სწორედ 9-10 მარტის სამუშაო შეხვედრები ქუთაისში.

 

პროექტის მთავარი მიზანია მრავალფასადური პროგრამის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს კურიკულუმის დონეს სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების გაცნობიერების მიმართულებით მასწავლებელთა გადამზადების  პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში. ეს კი უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: ახალი კურსების შემუშავება, საფაკულტეტო ტრეინინგ სემინარების და სტუდენტთა „ლიდერშიფის“ ტრეინინგების მოწყობა, სტუდენტური აქტივობების განხორციელება, სამოქალაქო განათლების კლუბების/ცენტრების დაფუძნება CURE\'s პარტნიორ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.

 

ქუთაისის შეხვედრების  მიზანი იყო:

 

  • CURE-ს კონსორციუმის მეორე საერთაშორისო საკოორდინაციო შეხვედრისთვის მომზადება, რომელიც ამა წლის 20-23 მარტს უნდა გაიმართოს ისრაელში (ქ. ჰაიფა);
  • პირველი საპილოტე კურსის ,,სამოქალაქო განათლება და დემოკრატია საქართველოში: გამოწვევა და განვითარების გზები“-ის სილაბუსის და თემატიკის მომზადება;
  • პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების (ე.წ. „დისემინაცია“) სამწლიანი სამოქმედო გეგმის (ეს გეგმა წარმოდგენილი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ) განხილვა;
  • პროექტის ორგანიზაციული და ფინანსური ასპექტების დეტალური გაშუქება.

 

შეხვედრები წარიმართა საინტერესოდ, საქმიანი დისკუსიის და დებატების ფორმატში. საბოლოოდ კი მიღებულ იქნა პროექტისთვის სასარგებლო კონსტრუქციული გადაწყვეტილებები.

 

    


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook