ქუთაისის უნივერსიტეტი დემოკრატიული მოქალაქეობის მხარდასაჭერად


ქუთაისის უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სამ მოქმედ პროექტში, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლავთ ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ERASMUS+ - ის პროექტი ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) . პროექტი ემსახურება ქუთაისის უნივერსიტეტის მჭიდრო კავშირს საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დემოკრატიული განათლებისა და პრინციპების მიმართ.

ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ორდღიანი ტრენინგ-მოდული განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის,რომელიც შეიმუშავა ჩვენმა პარტნიორმა  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს CURE პროექტის პარტნიორი ყველა დანარჩენი ქართული უნივერსიტეტი თავიანთ სამიზნე რეგიონებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი.

ტრენინგ- მოდულის  თემებია:

  • დემოკრატიული მოქალაქეობა;
  • ადამიანის, ბავშვთა და მასწავლებელთა პროფესიული უფლებები;
  • განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და სკოლის როლი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში.

ტრენინგის მიზანი გახლავთ:

  • მონაწილეებმა გააცნობიერონ სკოლისა და მასწავლებლის როლი მოსწავლეებში „დემოკრატიული მოქალაქეობის“ კომპეტენციების განვითარებისთვის;
  • მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობ მიდგომებს და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: თინათინ მეფარიშვილმა, ნინო ხაზარაძემ და გაგა ჩიხლაძემ ტრენინგები  ჩაატარეს შემდეგ სკოლებში:

  • ზუგდიდის მე-9 საჯარო  სკოლა, 13-14 აპრილი. მონაწილება მიიღო 26-მა პედაგოგმა.
  • ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევის პირველი საჯარო სკოლა, 27-28 აპრილი. მონაწილეობა მიიღო 17-მა პედაგოგმა.
  • ვანის რაიონის პირველი საჯარო სკოლა, 15-16 მაისი. მონაწილეობა მიიღო 21-მა პედაგოგმა.
  • მაღლაკის პირველი საჯარო სკოლა, 6-7 ივნისი. მონაწილეობა მიიღო 23 პედაგოგმა.

პროექტის მიმდინარეობის ამ ეტაპზე სულ გადამზადებულია 87 მასწავლებელი.

მუშაობის პერიოდში აღინიშნა, როგორც ტრენინგ-კურსების ჩატარების ორგანიზებისა და მოტივაციის მაღალი დონე, ასევე   მასწავლებლების განსაკუთრებული   ინტერესი და  აქტიურობა.   თითოეულმა  მათგანმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი და მზაობა შემდგომი თანამშრომლობისა.

უახლოეს მომავალში  დაგეგმილია  ტრენინგ-სემინარები ნახშირღელის პირველ საჯარო და ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლებში.

საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ქუთაისის უნივერსიტეტისათვის, რაზეც სათანადო აქცენტია გაკეთებული უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც   სხვა ძირითად მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებს  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ  კვლევით პროექტებში ჩართულ სტუდენტთა და თანამშრომელთა რაოდენობის დინამიურ ზრდას.

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ERASMUS+ - ის პროექტი ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE)  ამის ერთ-ერთი დასტურია.

 

ზუგდიდის მე-9 საჯარო  სკოლა

ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევის პირველ საჯარო სკოლა

ვანის რაიონის პირველი საჯარო სკოლა

მაღლაკის პირველი საჯარო სკოლა


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook