ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი მფლობელი ჰყავს, ლელა ქელბაქიანი კი რექტორის თანამდებობას დაუბრუნდა


ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალი ხედვითა და სტრატეგიით აიღო სტარტი - ლელა ქელბაქიანი რექტორის თანამდებობას დაუბრუნდა, თავად უნივერსიტეტს კი ახალი მფლობელი ყავს - ევროპის უნივერსიტეტი, რომლის დამფუძნებელი ბატონი ლაშა კანდელაკიშვილი გახლავთ.

განახლებული ინფრასტრუქტურა და საუნივერსიტეტო კამპუსი, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, პრაქტიკის ცენტრები, გაცვლითი პროგრამები ევროპაში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის - ეს იმ სამომავლო გეგმების არასრული ჩამონათვალია, რის განხორციელებასაც უნივერსიტეტის რექტორი ლელა ქელბაქიანი, უნივერსიტეტის ახალ მფლობელ ლაშა კანდელაკიშვილთან ერთად, გეგმავს.

„მიმაჩნია, რომ ჩემი რექტორობის 12 წლის განმავლობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდმა ორგანიზაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა. უნივერსიტეტის ახალი მფლობელი კიდევ უფრო ბევრი სიახლის დანერგვისა და განხორციელების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, როგორც ქუთაისს, ისე მთლიანად რეგიონს  უამრავ ცვლილებას ვპირდებით“, - ლელა ქელბაქიანი.

განათლების ხარისხისა განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2018 წლის 24  სექტემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია 6 წლის ვადით მოიპოვა. სწორედ ეს გადაწყვეტილება იძლევა ზემოთაღნიშნული ცვლილებების განხორციელებისა და სტუდენტების ახალი კონტიგენტის მიღების საშუალებას.

ლელა ქელბაქიანი ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას 2002-2014 წლებში იკავებდა. არის ქიმიის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში და განათლების ექსპერტი. ზემოთაღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ქუთაისის უნივერსიტეტმა ორი ინსტიტუციური აკრედიტაცია და ორი ავტორიზაცია უწყვეტ რეჟიმში გაიარა. რეგიონებში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ქუთაისის უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც სადოქტორო პროგრამებსაც ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა მხოლოდ ჩვენთან ხორციელდება.

ლელა ქელბაქიანის რექტორობის დროს, ქუთაისის უნივერსიტეტი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების ტოპ ხუთეულში შედიოდა. ამავე პერიოდში, უნივერსიტეტი საქართველოში სტიპენდიების საკუთარი სისტემის დანერგვაში პიონერი გახდა - წლების განმავლობაში, აბიტურიენტებს, შიდა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, საშუალება ჰქონდათ 4 წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამებზე უფასოდ ესწავლათ. გარდა ამისა, საერთაშორისო პროგრამების დიდმა არჩევანმა  განაპირობა უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში - მაღალი აკადემიური მოსწრების  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს საშუალება აქვთ ევროპის სხვადასხვა უნივესიტეტში ისწავლონ. კერძო უნივერსიტეტებს შორის, ქუთაისის უნივერსიტეტი ასევე პირველი იყო ევროკავშირის პროექტების რაოდენობითაც.

ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი მფლობელი ლაშა კანდელაკიშვილი კი უმაღლესი განათლების  სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობს.  ევროპის უნივერსიტეტი 2012 წელს დააფუძნა. ამჟამად უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს სამართლის, ბიზნესისა და მედიცინის მიმართულებით ახორციელებს.

ევროპის უნივერსიტეტი ფინანსურად მდგრადი ორგანიზაციაა. უნივერსიტეტში სწავლობს საქართველოს, ევროპისა და აზიის ქვეყნების ასობით მოქალაქე. საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს თბილისში, ორ სასწავლო კორპუსში. უნივერსიტეტს აქვს პრაქტიკის ობიექტები, კველევითი ინსტიტუტები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. წლიდან წლამდე ევროპის უნივერსიტეტის შემოსავლები იზრდება. ორგანიზაცია მოზიდული თანხების სრულ რეინვესტირებას ახდენს - ავითარებს ინფრასტრუქტურასა და სწავლების ხარისხს.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook