ქუთაისის უნივერსიტეტი (ქუ) არსებობის მე-20 წელს ითვლის. თავდაპირველად, ახლადდაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ხოლო შემდგომში - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახით ჩამოყალიბდა. ვინაიდან კადრები მზადდებოდა საუნივერსიტეტო სპეციალობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს შეეცვალა სტატუსი და 1992 წლიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეწოდა.

ახლადდაფუძნებულმა უმაღლესმა სასწავლებელმა იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების კეთილგანწყობა, რაც უპირველეს ყოვლისა მისი დამფუძნებლების - ვალერიან ქელბაქიანის და რევაზ ლაღიძის სახელებმა განაპირობა. ძალიან მოკლე დროში კი უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებად ეპითეტებად იქცა მაღალი პროფესიონალიზმი, საქმისადმი უდიდესი ერთგულება და საზოგადოების საყოველთაო პატივისცემა.

იმ პერიოდში ქუ ამზადებდა უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შემდეგი სპეციალობებით: სამართალმცოდნეობა, ფინანსები და კრედიტი, წარმოების ეკონომიკა და მართვა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონული ეკონომიკა და მართვა, ოფისის მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები უცხო ენით.

ქუთაისის უნივერსიტეტს პირველი რექტორის გარდაცვალებიდან (2002 წლიდან) დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ლელა ქელბაქიანი.

2006-2007 სასწავლო წლიდან, მატერიალური და აკადემიური რესურსების ოპტიმალური და მიზანმიმართული გამოყენების მიზნით, უნივერსიტეტმა პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა კადრების მომზადება მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ამჟამად უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის აკადემიურ პროგრამებს: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. აქედან გამომდინარე, 2010 წლის 17 მარტიდან დამფუძნებლების გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და ეწოდა ქუთაისის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის განათლების მისაღებად: უნივერსიტეტის საკუთრებაშია ქალაქის ცენტრში მდებარე ექვსსართულიანი კეთილმოწყობილი შენობა სასწავლო აუდიტორიებით, უახლესი, თანამედროვე ლიტერატურით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკითა (10 000 ერთეული წიგნადი ფონდი) და სამკითხველო დარბაზით; ორი კომპიუტერული კლასით, მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტით; ენათა ცენტრით; სააქტო და საკონფერენციო დარბაზებით.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს წარმართავენ რეგიონში და მთლიანად საქართველოში აღიარებული პროფესორები, რომელთაც პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის. კერძოდ:

  • 2006 წლიდან გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ეკონომიკური პროფილი“, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე პირობებში ეკონომიკური პრობლემების სხვადასხვა რაკურსით გაშუქება, თეორიული და პრაქტიკული პრობლემების კვლევა და შედეგების სამსჯავროზე გამოტანა; სამეცნიერო სტატიების, პუბლიკაციების, ანალიტიკური მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობა პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის, დოქტორანტებისათვის; სათანადო პირობების შექმნა ახალგაზრდა მეცნიერთათვის; განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების პერიოდული გაშუქება; სხვადასხვა პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფა. 2009 წლიდან სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი” რეფერირდება რუსეთის მეცნირებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტში (საზოგადოებრივი მეცნიერებები) და ჟურნალის ყველა ნომრის მასალები განთავსდება ამ ინსტიტუტის ვებ-გვერდზე – (http://www.rim.inion.ru ).
  • 2007 წლიდან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ეკონომიკური პრობლემების კვლევის სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანებია: უნივერსიტეტის წარმოდგენა სამეცნიერო-კონსულტაციური მიმართულებით და აქედან გამომდინარე სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო ანალიტიკური და პრაქტიკული შინაარსის საქმიანობის განხორციელება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სამეცნიერო-კონსულტაციური მონაწილეობის უზრუნველყოფა და ეტაპობრივი გაღრმავება, მონაწილეობის მიღება სპეციალისტთა გადამზადებაში, დამატებითი განათლების მისაღებად მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავებაში, კვლევის შედეგების სისტემატიზირება და ფოკუს ჯგუფებზე რეკომენდაციების მიწოდება.
  • სამეცნიერო კონფერენციების (როგორც რესპუბლიკური, ასევე საერთაშორისო) ორგანიზებისა და სამეცნიერო შრომების კრებულის გამოცემა
  • შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტებისა და მონოგრაფიების გამოცემის დაფინანსება.

ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა მზარდი დინამიური პოლიტიკის განვითარების მიზნით ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომლის მუშაობის შედეგებია:

მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტსა და „აშშ-კავკასიის ასოციაცია დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“ შორის. მემორანდუმის მიზანია აშშ–სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამეცნიერო კვლევებისა და სწავლების დარგში ინტერნაციონალური თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტსა (აშშ) და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლას.

უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის TEMPUS IV ეგიდით დაფინანსებულ ორ პროექტში: 158739-TEMPUS-2009-DE-JPHES  „ტურიზმის სფეროში დისტანციური განათლების ქსელი“ (საქართველო, უკრაინა, ბელორუსია) და „PICQA“.

უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების შემდეგ სასწავლო დაწესებულებებთან:

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრთან“, რომლის რეგიონული წარმომადგენლობა  უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. ისინი მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ჩვენს სტუდენტებს სათანადო ინფორმაციის მიწოდებით მათი ინტერესების შესაბამისი უნივერსიტეტებისა და დაფინანსების მოძიებაში.

ცენტრს აგრეთვე აქვს უახლესი ლიტერატურა ისეთი ტესტების მოსამზადებლად, როგორიცაა TOEFL, SAT, GRE, GMAT, IELTS.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქუ-ს თამამად შეუძლია იამაყოს თავისი კურსდამთავრებულებით. ბევრი მათგანი თავისი ცოდნისა და პროფესიონალიზმის წყალობით ღირსეულ ადგილს იკავებს ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის რამოდენიმე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა მშობლიურ უნივერსიტეტში, როგორც დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაციის ორი ეტაპი 2005 და 2006 წლებში.

ქუ ახალგაზრდა სასწავლო დაწესებულებაა, თუმცა მან უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის და საქართველოს ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობით მოკრძალებულ ნაბიჯებს დგამს საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის.