2013 წლის ზაფხული ქუთაისის უნივერსიტეტის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლ ,,აფხაზეთი“-სთვის საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. როგორც ადრინდელი სიახლეებიდან გაცნობეთ, ივნისის თვეში ანსამბლმა იმოგზაურა თურქეთში, სადაც მონაწილეობა მიიღონ ალიჰანის კულტურის საერთაშორისო ფესტივალში. სულ ახლახანს კი მოცეკვავეები საფრანგეთიდან დაბრუნდნენ, სადაც მათ რვა დღის განმავლობაში ფოლკლორული ცეკვების რუერგის საერთაშორისო ფესტივალზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართული სული. საქართველოს გარდა ფესტივალზე წარმოდგენილი იყო: ნეპალი, ინდონეზია,ლიტვა, სომხეთი, მაკედონია, იტალია, პორტუგალია, კანადა, მექსიკა და საკუთრივ საფრანგეთი. პროგრამული გამოსვლები მოეწყო ავერონის მხარის რამდენიმე ქალაქში: როდეზში,პორტ–დე–სალარში, ნანტში და სხვა.
ანსამბლის ყოველი გამოსვლა დამსწრე საზოგადოების ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩეოდა შეხვედრა ნანტში-სოციალურად შეჭირვებულთა სანტა–მარიას თავშესაფარში. აღსანიშნავია ქართველ ემიგრანტთა დიდი ყურადღება და ინტერესი მოცეკვავეებისა და ზოგადად ანსამბლის გამოსვლების მიმართ ფესტივალის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში.
ფესტივალზე ,,აფხაზეთი”– ს წარმატებები სათანადოდ გააშუქა ფრანგულმა პრესამ და ტელევიზიამ .ანსამბლის სოლისტის ეთერ ჩაკვეტაძის ფოტოები გამოაქვეყნა რამდენიმე ფრანგულმა გაზეთმა. ფესტივალის პრეზიდენტმა- ბატონმა ალაინ პიშჩონმა კი ჩვენი მოცეკვავეების გამოსვლებს დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე ფანტასტიური უწოდა.
ანსამბლის თითოეული წევრისთვის ევროპული ტურნე დაუვიწყარი იქნება არამარტო ფესტივალში მონაწილეობით, არამედ დატვირთული გასართობი პროგრამებითა და ექსკურსიებით: ბევრისთვის ნატვრის ასრულება გახლდათ ექსკურსიები მონაკოში, კერძოდ მონტე–კარლოში, ნიცასა და ვენეციაში. მათთვის ასევე დაუვიწყარი იქნება ,,სუპერფასტის” უმაღლესი კატეგორიის საბორნე გემზე გატარებული საათეები- ანკონიდან (იტალია) იღუმენიცამდე (საბერძნეთი). მოცეკვავეების დამსახურებით გემზე თითქმის არავის მოუწყენია.
ასე დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის დატვირთული შემოქმედებითი საფესტივალო ზაფხული. წინ კიდევ უამრავი გეგმები და დაუღალავი შრომა ელოდება თითოეულ წევრსა და მათ ქორეოგრაფს, პროდიუსერს-ზაზა და არმაზ ყიფიანებს.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას.
{Gallery dir=’news/03-09-2013′}