სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში აკადემიური კონკურსი დისტანციურად ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტმა კონკურსი საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის 3 აკადემიური თანამდების დასაკავებლად (ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით) ჯერ კიდევ covid 19-ის გავრცელებამდე გამოაცხადა.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მისი ჩვეულ გარემოში ჩატარება კი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აცილება იქნებოდა. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა გადაწყვიტა, კონკურსი არ გადაედო და გამოწვევად მიეღო.

 Unik-მა პანდემიის ფონზე აკადემიური კონკურსის ყველა ეტაპი სრულად ონლაინ რეჟიმში ჩაატარა, რაც არა მარტო ქუთაისის უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველი შემთხვევაა.

პროცესი სრულიად ინტეგრირებულ ონლაინ-სივრცეში პლატფორმა Zoom-ის, google drive – ისა და Classroom-ის მეშვეობით საკონკურსო წესებისა და შეფასების სისტემის დაცვით წარიმართა.

ტესტირების ეტაპზე უნივერსიტეტმა Google-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმა Classroom-ი გამოიყენა, სადაც ინგლისური ენის ტესტი აიტვირთა. მისი ნახვის შესაძლებლობა კონკურსანტებს დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში ჰქონდათ. ტესტის მიმდინარეობას პლატფორმა Zoom -ის საშუალებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლები აკვირდებოდნენ. აპლიკანტთა მუშაობის პროცესის ჩანაწერი საკონკურსო ელ-დოკუმენტებში შეინახება.

დღეს კონკურსანტებმა დასკვნითი ეტაპი გაიარეს.