სტიპენდია და ფინანსური მხარდაჭერა

ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს სტიპენდიის დანიშვნისა და ინდივიდუალური გადახდის გრაფიკით სარგებლობის წესი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე მიიღონ უნივერსიეტის მიერ დანიშნული სტიპენდია და შეადგინონ მასზე მორგებული გადახდის გრაფიკი. 

გარდა ამისა, სტუდენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, არსებობს სპეციალური საშეღავათო მექანიზმები. ქუთაისის უნივერსიტეტი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, რაც გამოიხატება გაფორმებული მემორანდუმებით გათვალისწინებულ შეღავათებში. 

  • სტიპენდიის დანიშვნისა და ინდივიდუალური გადახდის გრაფიკით სარგებლობის წესი;
როგორ გაიცემა სტიპენდია?

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედი - სტიპენდიის დანიშვნისა და ინდივიდუალური გადახდის გრაფიკით სარგებლობის წესის თანახმად, უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტზე გაიცემა სტიპენდია შემდეგი პირობით: სტიპენდია სტუდენტს განესაზღვრება წინა სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე.

შეფასების შედეგები დაითვლება სტუდენტის მიერ არანაკლებ 25 კრედიტის ოდენობით სასწავლო კურსებზე აკადემიური რეგისტრაციის საფუძველზე, სემესტრის განმავლობაში თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასებების კრედიტებთან შეწონილი საშუალო ქულის გამოთვლით. ასევე, სტუდენტს ყველა სასწავლო კურსში მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ A (91- 100 ქულა) შეფასება (A შეფასება ყველა სასწავლო კურსში სტუდენტს უნდა ჰქონდეს მიღებული დასკვნით გამოცდაზე, დამატებით გამოცდებზე გასვლის გარეშე).

რამდენ სტუდენტზე გაიცემა სტიპენდია ფაკულტეტების მიხედვით?

მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში დაფინანსდება საუკეთესო შედეგების მქონე 15 სტუდენტი, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში 5 სტუდენტი.

რა თანხას შეადგენს სტიპენდია?

სტიპენდია ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრება 125 (თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს) ლარის ოდენობით, ხოლო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე 250 ლარის ოდენობით (თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს), რომელიც გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში (5 თვის ვადით).

სტუდენტი კარგავს სტიპენდიით სარგებლობის უფლებას სტუდენტის სტატუსის შეჩერების, ან შეწყვეტის შემთხვევაში.

რა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები არსებობს ქუთაისის უნივერსიტეტში და ვის შეუძლია ისარგებლოს?

ქუთაისის უნივერსიტეტის სწავლის საფასურზე ფინანსური შეღავათები (https://unik.edu.ge/PagePDF/36c9f6cf004ddf392ce006a3589140ec.pdf ) ვრცელდება შემდეგ პირებზე: 

ა)სოციალურად დაუცველ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან არ დაუფინანსდებათ სწავლის საფასური;  -  სწავლის საფასურის 20 %-იანი დაფინანსებით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, თუ ის ვერ მოიპოვებს სახლმწიფოს მიერ სწავლის საფასურის დაფინანსებას;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე; - უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის (სამხედრო მოსამახურე ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახი წევრი (მეუღლე, შვილი) მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის 20 %-ის დაფინანსებას.

გ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ერთი ოჯახის ორ ან მეტ წევრზე; - სწავლის საფასურის თითოეულ პირზე 10 %-იანი დაფინანსებით ისარგებლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი;

დ) ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრში ჩარიცხულ ბენეფიციარზე, ან ბენეფიციარზე რომელმაც თავშესაფარი დატოვა ბოლო 6 (ექვსი) თვის მანძილზე;  - სწავლის საფასურის 20 %-იანი დაფინანსებით ისარგებლებს სტუდენტი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი, ან რომელმაც თავშესაფარი დატოვა ბოლო 6 (ექვსი) თვის მანძილზე;

როგორია სწავლის საფასურის გადახდის წესი?

ქუთაისის უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის, საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, განისაზღვრება სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი. კერძოდ, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის საფასურის გადახდის გადანაწილებას - სასწავლო წლის განმავლობაში 10 (ათი) თანაბარ ნაწილად. აგრეთვე, სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტს ისარგებლოს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით.