3 ივლისს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქუთაისის უნივერსიტეტს ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს. შეხვედრის პირველ ნაწილში გაიმართა სემინარი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია.
სემინარის განმავლობაში, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ამ პროგრამების მოძიების და მათზე რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს.
-„პირველი ნაწილი იყო ძალიან საინტერესო. ახალგაზრდებს ამდენ პლატფორმაზე თუ გვქონდა წვდომა, აქამდე მართლა არ ვიცოდი. თურმე შეგიძლია მოხალისედ წახვიდე 2-3 თვით თუ ახალგაზრდა ელჩი ხარ და იმუშაო ბაღში მასწავლებლად. თურმე საქართველოში არსებობს სოლიდარობის კორპუსი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ესეც ამ შეხვედრაზე გავიგე“ - მაკუნა შავგულიძე.
შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მოდელირება, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებს საშუალება მიეცათ უკეთ გაეცნოთ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ჩაერთენ დისკუსიაში.
-„საინტერესო იყო ქვეყნის როლში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პასუხისმგებლობა. საინტერესო და სერიოზულიც, მაგალითად იმაზე, გაგვეხსნა თუ არა საზღვრები COVID 19 პანდემიის დროს და თუ - კი, რა პირობებით“ - დაჩი კობახიძე. სტუდენტი.
-„4 ჯგუფი იყო, თითოეულში 10 ბავშვი და ყველას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა გვქონდა. მე დანიის ელჩი ვიყავი. გამარჯვებულის გამოვლენა არ ხდებოდა, მაგრამ ჩვენმა პრეზენტაციამ მოწონება დაიმსახურა. მართლა კარგია ახალგაზრდა ელჩობა. სხვას უზიარებ საჭირო ინფორმაციას, რაც მანამდე შენც არ იცოდი“- ვატო კუპრეიშვილი.
-„აუ, კარგი იყო ძალიან. კამათი, ღიმილი, ბევრი ახალი ინფორმაცია, გართობა და ახალი ადამიანები. ყველაფერი ერთად იყო. მადლობა ქუთაისის უნივერსიტეტს. სიამოვნებით ვიმეგობრებ UNIK-თან მსგავსი ხასიათის აქტივობებით“ -თათა გიორგაძე.
შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო სპიკერებს - სიმბოლური პრიზები.