ქუთაისის უნივერსიტეტსა და სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
ღონისძიება სინციანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კაიზერ აბუდუკემურმა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ გახსნეს და უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს სიტყვით მიმართეს.
„ჩვენი უნივერსიტეტის განვითარებისთვის ჩინური ენის ცენტრის შექმნა და ჩინური ენის და კულტურის სწავლების დანერგვა წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომავალში ორი უნივერსიტეტის, საბოლოოდ კი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. კონფუცის ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა გაცვლითი პროექტები, კულტურული თუ ეკონომიკური ღონისძიებები სამომავლოდაც განხორციელდება“- განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.
შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები, ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ კონფუცის სკოლამ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩინური ენის სწავლების უფასო კურსი აპრილის თვიდან დაიწყო.