ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი დაჩი კობახიძე ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს.
რატომ გადაწყვიტე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
მსურდა, გამეგო რას ნიშნავდა ნამდვილი ევროპული განათლება, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში, ესტონეთში.
როგორია სწავლა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში?
ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლა არც ისე მარტივია, თუმცა, აქ მომუშავე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე ჩემი ახალგაცნობილი მეგობრები დაბრკოლებების დაძლევაში მეხმარებიან.
რა მსგავსება და განსხვავებაა ქუთაისის უნივერსიტეტსა და ტალინის უნივერსიტეტს შორის?
სწავლის სტანდარტები და ხარისხი ორივე უნივერსიტეტში მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა, ესტონეთში არსებული კულტურული ურთიერთობები მასშტაბურ სახეს იღებს და ახალგაზრდებისთვის გამორჩეულ და მიმზიდველ ფონს ქმნის.
რა სტუდენტურ აქტივობებში აპირებ მონაწილეობის მიღებას გაცვლითი პროგრამის განმავლობაში?
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას ავტომატურად ხდები ESN-ის (Erasmus Student Network) წევრი, რაც საშუალებას გაძლევს გაიფართოვო სოციალური კაპიტალი და ჩაერთო მრავალ სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო აქტივობებში.
შენი კულტურის რომელი ასპექტების გაზიარება გსურს ყველაზე მეტად?
განსაკუთრებით, ქართული ნაციონალური ცეკვის და მისი ტრადიციების გაზიარება მსურს ჩემს უცხოელ მეგობრებთან.
რა არის შენი ყველაზე საამაყო მიღწევა?
ჩემი ყველაზე საამაყო მიღწევა, სწორედ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლაა.
როგორ ატარებ ჩვეულებრივ შაბათ-კვირას?
ჩვეულებრივ შაბათ-კვირას ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებ ან ბუნებაში პიკნიკს ვაწყობთ.
თავისუფალი დღე რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
თავისუფალ დღეს სტარტაპ გეგმის შემუშავებას დავიწყებდი.
რა რჩევას მისცემდი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში განაგრძონ სწავლა, დააგროვონ სოციალური კაპიტალი, განვითარდნენ პროფესიულად და გადადგან ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ!