ქუთაისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით კამპანია “ვარდისფერი ოქტომბერი” გაიმართა.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედაა აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ტრადიციულად შეუერთდა აღნიშნულ კამპანიას და საინფორმაციო შეხვედრა გამართა სხვადასხვა ორგანიზაციის ქალბატონებისათვის.
კამპანიის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმების და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის წამყვანი ექიმები: მამოლოგი შოთა მაღლაკელიძე, ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი და რადიაციული ონკოლოგი თორნიკე ბაძგარაძე. მათ ისაუბრეს კვლევის სხვადასხვა მეთოდების ეფექტიანობაზე ძუძუს კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირებისთვის და აჩვენეს თვითგასინჯვის ტექნიკები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა კიბოს ადრეული აღმოჩენისათვის.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სკრინინგ-კვლევის ჩატარება დაორგანიზდა ქუთაისის N3 საჯარო ბაღის პედაგოგებისთვის და ასოციაცია "ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ არსებულ ქუთაისის ქალთა კლუბის წარმომადგენლებისათვის.