ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ეკონომიკის პოსტპანდემიური პერიოდის ძირითადი ნიშნები და თავისებურებანი


იოსებ არჩვაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი
[email protected]


აბსტრაქტი

სტატიაში განხილულია ის ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვთ გლობალიზაციის პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოსტპანდემიურ პერიოდში. ხაზგასმულია, რომ ადგილი აქვს არა გლობალიზაციის დასრულებას, არამედ გლობალიზაციის პროცესის ტრანსფორმაციას, ჰიპერგლობალიზაციის ნაცვლად გლობალიზაციის პროცესის შენელებას და მის „ჭერქვეშ“ ახალი პოლიტიკური, სამხედრო და რეგიონული კავშირებისა და ალიანსების ფორმირებას: აგრესიული გლობალიზაციის პროცესი იცვლება ქვეყნების ღია პროტექციონიზმით, ფინანსური-ეკონომიკური ბლოკების ფორმირებით და შესაბამისი სამრეწველო პოლიტიკით, რომელსაც საფუძვლად უდევს რეგიონული პრინციპი და გარკვეული იდეოლოგიური კონცეპტი, ნარატივი, ფასეულობათა სისტემა და ეკონომიკურ ინტერესთა სეგმენტური ან სისტემური თანხვედრა.

აღნიშნული განაპირობეს მსოფლიოში განვითარებულმა, მართლაც და გლობალური მნიშვნელობის ისეთმა  პროცესებმა და მოვლენებმა, როგორებიცაა კოვიდპანდემია, აშშ-ჩინეთის მზარდი კონკურენცია და რუსეთ-უკრაინის ომი.

აღნიშნულ პირობებში ეროვნული სახელმწიფოები არა თუ თანდათან იბრუნებენ პოლიტიკურ პოზიციებს, არამედ გადადიან „სტრატეგიულ შეტევაზე“ თავიანთი უფლებების, შესაძლებლობებისა და საზოგადოების წევრებზე ზემოქმედებისა და კონტროლის განხორციელების მხრივ. იმავდროულად, საგრძნობლად იზრდება ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი და მნიშვნელობა. ყოველივე ეს იწვევს წინააღმდეგობის ზრდას, ერთი მხრივ, პიროვნული თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სფეროების პრაქტიკულ რეალიზაციასა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოსა და ტრანსნაციონალური კორპორაციების  როლის გაძლიერებას შორის.

სახელმწიფოს გააქტიურებას და მის მზარდ როლს ეროვნული პროდუქტის გადანაწილებაში აქვს თანმდევი ნეგატიური ეფექტიც: სახელმწიფოს მზარდი როლი არა მარტო ზღუდავს ბაზარს, არამედ სერიოზულად აზიანებს კონკურენციას, როგორც განვითარების ფაქტორს. - გარანტირებული შეკვეთები, სახელმწიფო სახსრების საფუძველზე წარმოებული პროდუქციის გასაღების უზრუნველყოფა და ა.შ., ცალკეულ ბიზნესებს გარკვეულ პრივილეგირებულ, ხოლო დანარჩენებს - აპრიორი არათანაბარ პირობებში აყენებს, აძლიერებს საზოგადოებაში უსამართლობის განცდას და ნეგატიურად მოქმედებს სოციალური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში, ერთი მხრივ, გაიზრდება რესურსების გადაადგილების სიჩქარე დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში, მეორე მხრივ კი სულ უფრო გაიზრდება ადგილობრივი რესურსების როლი წარმოების საბოლოო შედეგების მიღწევაში, რაც გამოხატულებას ჰპოვებს წარმოების აბსოლუტური გლობალიზაციიდან შეფარდებით ლოკალიზაციაზე გადასვლაში.

პანდემიამ მძლავრი იმპულსი მისცა ისეთ ნოვაციებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, როგორებიცაა ინტერნეტ-ვაჭრობა, შეკვეთით საქონლის მიტანა, ამანათებით საქონლის მიწოდება; დრონები სულ უფრო ფართოდ გამოიყენება  საქონლის ადრესატამდე მისატანად, რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროში.  ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს არა მარტო სამუშაო ადგილებისა და დასაქმების სტრუქტურაში. - ამ დროს კომპანიებისა და მათი აქციონერების მოგების ზრდასთან ერთად უმუშევრად რჩება მომუშავეთა საგრძნობი ნაწილი, ხდება მათი გაღარიბება. მცირდება სოციალური ლიფტების მასშტაბები, მათი სიჩქარე და „ტვირთამწეობა“. შესაბამისად, რეალური ხდება საფრთხე ქონებრივი პოლარიზაციისა და  საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის წინააღმდეგობის ზრდისკენ.

მზარდმა უთანაბრობამ შეიძლება გამოიწვიოს „არსებობის საშუალებების კრიზისი“. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს დევნილთა რაოდენობის ზრდას. იძულებითი მიგრაცია შეიძლება გახდეს უახლოესი ათწლეულში ერთერთი სერიოზული გლობალური გამოწვევა, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს შეასრულებს  გეოპოლიტიკურ კონფლიქტებისა და ქვეყნებს შიგნით სოციალურ დაძაბულობის წარმოქმნისათვის, იქნება პირდაპირი რეპუტაციული და ეკონომიკური დარტყმა გლობალიზაციის პროცესებისათვის.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდის ხანგრძლივობაზე მეტი მისი ნეგატიური შედეგების სრული დაძლევისათვის საჭირო პერიოდი იქნება.


საკვანძო სიტყვები: პანდემია, სახელმწიფო, ეკონომიკა, რესურსები, განვითარება
JEL: E6; F6
ციტირებისათვის:

არჩვაძე ი. (2023) ეკონომიკის პოსტპანდემიური პერიოდის ძირითადი ნიშნები და თავისებურებანი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 34 – 46. DOI:  https://doi.org/10.52244/c.2023.11.2



გამოყენებული ლიტერატურა:

იოსებ არჩვაძე (2020) კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ცვლილებები (პოლიტ-ეკონომიკური ასპექტი).   თბილისი, „მწიგნობარი“

იოსებ არჩვაძე (2021) პანდემიის რეგიონული თავისებურებანი საქართველოში კორონავირუსის საწყის ეტაპზე.  “გლობალიზაცია და ბიზნესი” N11,  გვ. 25-34

იოსებ არჩვაძე (2021)  ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ.  „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ ტ. 8,  გამოცემა 2

იოსებ არჩვაძე (2021)  პანდემიის სტარტის კორონასოციოლოგიური და კორონაეკონომკური შედეგები საქართველოში.   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული “XXI  ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები”, გვ. 106-114       

ვლადიმერ პაპავა (2023) საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში.  V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია “საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში”, თბილისი, გვ. 8-18

Global Debt Is Returning To Its Rising Trend – Analysis. -   eurasiareview, 16.09.2023

Carolina Sanchez-Paramo (2021)  COVID-19 leaves a legacy of rising poverty and widening inequality. World Bank Blog.     https://blogs.worldbank.org/developmenttalk/covid-19-leaves-legacy-rising-poverty-and-widening-inequality

Alexander Tvalchrelidze (2022) World economy after the COVID-19 pandemic: Opportunities and challenges.  Nanotechnology Perceptions Vol. 18

The Coronavirus Pandemic Will Forever Alter the World Order. WSJ,  3.04.2020. 

Jenna Ross. Mapped: GDP Growth by Country in 2021, 19.05.2022. - https://advisor.visualcapitalist.com/gdp-growth-by-country-in-2021/

Георгий Бовт (2023) Добро пожаловать в торговый центр «Зомби-лэнд»,  «Газета.Ru», 10.09.2023

Kolodko Grzegorz W. (2022) Необратимость глобализации. Project Syndicate, 5.09.2022

IMF World Outlook, October, 2023.

https://ec.europa.eu/eurostat

www.geostat.ge