ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კვლევა ქუთაისის უნივერსიტეტში

სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა ქუთაისის უნივერსიტეტის სტატუსიდან გამომდინარე, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ახალი ცოდნის გენერირების, უახლესი სამეცნიერო ტენდენციების გაზიარებისა და სრულფასოვანი კვლევითი ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში შეუძლია უნივერსიტეტს სრულყოფილი ფუნქციონირება.

ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაში დეკლარირებულია ადგილობრივ დონეზე აკადემიური საზოგადოების გაძლიერების, ახალი ცოდნის გენერირების და გაზიარების ხელშეწყობის პრიორიტეტები. სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი აყალიბებს ხედვას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს უზრუნველყოფილი უნდა ექნეს:

  • შესაძლებლობა რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევითი პროექტების განხორციელებისა, ახალი ცოდნის გენერაცია და დისემინაცია;  
  • რეგიონული და ეროვნული მასშტაბის ექსპერტულ ცენტრად ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს დაგროვილი ცოდნის ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებასა და სახელმწიფოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესს.

კვლევით  სტრატეგიაში ქუთაისის უნივერსიტეტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებელი და ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვას და განვითარებას - კვლევით  მონაცემებზე, სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის მეთოდებზე ღია ხელმისაწვდომობას, ასევე კვლევებში ღია კოდის, სტანდარტებისა და ინტერფეისების გამოყენებას. ის იყენებს ღია საგამომცემლო ინსტრუმენტებს კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების (RDI) გავლენის გასაზრდელად. უნივერსიტეტში მომზადებული კვლევითი მონაცემები, სამეცნიერო პუბლიკაციები და რეფერატები, აგრეთვე გამოყენებული  კვლევის მეთოდები საჯარო და ღიაა; შეგროვებული, ორგანიზებული და აღწერილი კვლევითი მონაცემები, გახსნილია საძიებლად და ხელახალი გამოყენებისთვის, რაც მკვლევართა სამეცნიერო ღირებულებას ზრდის. ღია პუბლიკაციები და მონაცემთა სისტემატური მართვა მნიშვნელოვანი კვლევითი უნარებია. ქუთაისის უნივერსიყტეტი დიდად აფასებს ამ უნარებს და მხარს უჭერს მათ განვითარებას.

ქუთაისის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ პროცესები, საინფორმაციო და მხარდამჭერი სისტემები, სახელმძღვანელო ნორმები კვლევით საქმიანობაში  FAIR (Findability-Accessibility-Interoperability-Reusability) პრინციპების რეალიზების საშუალებას იძლეოდეს.

ქუთაისის უნივერსიტეტის ადასტურებს მის მიერ ხელმოწერილი ღია წვდომის ბუდაპეშტისა და ბერლინის დეკლარაციების პრინციპებისადმი მხარდაჭერას და ერთგულებას, მის მიერ გამოცემულ ჟურნალში ღია წვდომაში პუბლიკაციების გამოქვეყნებას, მათ შორის ვებ-საიტზე ელექტრონულ არქივში განთავსების სახით, ღია ფარულ ორმაგ რეცენზირებას, Creative Commons  ღია წვდომის ლიცენზიების საავტორო უფლებების სიტემას.

ქუთაისის უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ  ჩაერთოს ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებში, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე,  რაც საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც საშუალებას მისცემს სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიაროს და დაამუშაოს კვლევების შედეგები და მონაცემები.

საგამომცემლო საქმიანობაში, ქუთაისის უნივერსიტეტი იცავს FAIR პრინციპებს. უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს ღია საგამომცემლო გადაწყვეტილებების განვითარებას, მათ შორის საკუთარ ჟურნალში პლატინის ღია წვდომის (Platinum Open Access) წესით პუბლიკაციების გამოქვეყნებას, რაც ნიშნავს, რომ გამომცემელი ავტორებისაგან არ იღებს თანხას და პუბლიკაცია ღია წვდომაშია.

ქუთაისის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კვლევით საქმიანობაში ეთიკის ნორმებისა და სტანდარტების დაცვას. შემუშავებულია სოციალურ მეცნიერებებში კვლევითი საქმიანობის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მოქმედ ნორმებს, შესაბამის ევროპულ კანონმდებლობას, საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებს, აღიარებს და შეესაბამება ევროპულ კვლევით სივრცეში მიღებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების  სულისკვეთებას, ეთიკურ წესებს და სტანდარტებს. ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების მიზანია ქუთაისის უნივერსიტეტში და მის ქვედანაყოფებში სოციალურ მეცნიერებებში განხორციელებულ კვლევით საქმიანობაში ხელი შეუწყოს თავისუფალ, სანდო კვლევას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის განვითარებას, ეთიკური განსჯის და რეფლექსიის ხელშეწყობას, ეთიკური დილემების გარკვევას, პასუხისმგებლიანი კვლევის ხელშეწყობას და არასწორი ქცევის თავიდან აცილებას.

ქუთაისის უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს როგორც აქტუალურ, ინოვაციურ საკითხებზე  კვლევების წარმოებას, ასევე უახლესი მიღწევების, მეთოდების გამოყენებას და დანერგვას კვლევით საქმიანობაში. ხელოვნური ინტელექტის საკითხებში უნივერსიტეტის პოლიტიკა ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირებულებების შესახებ მოქმედ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას;   ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების და ინოვაციების ხელშეწყობისათვის სამართლებრივი  გარემოს ფორმირებას;  ლეგიტიმური, უსაფრთხო და სანდო AI აპლიკაციების ბაზრის განვითარების მხარდაჭერას.

ქუთაისის უნივერსიტეტში კვლევის ერთ-ერთი მიზანია საზოგადოების სასარგებლოდ მეცნიერული ცოდნის ხელმისაწვდომობა. ცოდნის გადაცემა არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა. ამ მიზნით, ქუთაისის უნივერსიტეტი ცდილობს ფართოდ გამოიყენოს და გაავრცელოს იდეები და ტექნოლოგიები კვლევებიდან, მათ შორის კომერციული დანიშნულებით. ქუთაისის უნივერსიტეტში ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა მიზნად ისახავს აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე ინტელექტუალური საკუთრების ფართო ბაზის საზოგადოებაში მაქსიმალურად ეფექტურად გადატანას. 

ქუთაისის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში პოლიტიკის მიზანია მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტის მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი ცოდნის შექმნასა და განვითარებაში,  დაიცვას ამ საკითხებში უნივერსიტეტის, მისი ქვედანაყოფების და ყველა თანამშრომლის ინტერესები, დაარეგულიროს კვლევის შედეგების გავრცელების და მისი ხელმისაწვდომობის საკითხები, მათ შორის ლიცენზირების, გასხვისების ან კომერციალიზაციის გზით გამოყენება. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებების დაცვა, სხვა საკითხებთან ერთად, უნივერსიტეტის შემოქმედებითობისა და საქმიანობის საზომი და მისი პოზიტიური საჯარო იმიჯის გაძლიერების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ქუთაისის უნივერსიტეტი თანასწორობის პრინციპს სწავლებისა და მეცნიერების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად განიხილავს. თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მრავალფეროვნების პატივისცემის კულტურის დანერგვა უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქმნის ამ პრინციპების განსახორციელებლად კვლევაში, სწავლებასა და უნივერსიტეტის მართვაში. გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვისა და განხორციელების ვალდებულებას და შესაბამისი ღირებულებების ერთგულებას ქუთაისის უნივერსიტეტი გამოხატავს როგორც თავის ხედვაში, ისე უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის კოდექსში, შინაგანაწესში და სხვა დოკუმენტებში. უნივერსიტეტში შემუშავებულია გენდერული თანასწორობის სტრატეგია და გეგმა, რომელიც ემსახურება გენდერული თანასწორობის პრინციპისა და შესაბამისი ღირებულებების სიღრმისეულ და სისტემურ დანერგვის უზრუნველყოფას, როგორც უნივერსიტეტის ინსტიტუციურ, ისე კულტურის დონეზე, სწავლებაში, კვლევასა და უნივერსიტეტის მართვაში. გეგმის ცალკე დანაყოფი ეძღვნება გენდერული განზომილების გაძლიერებას კვლევით პროგრამებში. გენდერული თანასწორობის გეგმის სტრუქტურასა და მიდგომაში გათვალისწინებულია ევროპული კომისიის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის (Gender Equality Strategy for 2020-2025) და ევროპული სამეცნიერო სივრცის (European Research Area) ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სპეციფიკაზე, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სწავლების, კვლევისა და ინოვაციის სფეროებში.

ქუთაისის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი და ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი. ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტი ახორციელებს შიდა საგრანტო კვლევით კონკურსს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს განაცხადი და მიიღოს დაფინანსება კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნის, სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული პირების ნდობის ჩამოყალიბების, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცედურების შექმნისა და მკვლევრების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპების დანერგვის მიზნით უნივერსიტეტში მიღებულია  „კვლევების დაფინანსების წესი“. 

ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაარსებული რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ (ISSN 1512–3901) გამოიცემა 2006 წლიდან. 2017 წლიდან ჟურნალს მიენიჭა ელექტრონული საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი (EISSN 2587–5310). დაფუძნებიდან დღემდე ჟურნალის რედაქტორია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჩიხლაძე.  ყველა პუბლიკაციას ენიჭება პერსონალური DOI იდენტიფიკატორი. ჟურნალი ინდექსირებულია წამყვან საერთაშორისო ბაზებში და მისი ნომრები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში.