გამოსაშვები საღამო 2017


21 ივლისის საღამო დიდხანს ემახსოვრებათ ქუთაისის უნივერიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამების კურსდამთავრებულებს.

კურსდამთავრებულების საზეიმოდ გაცილების საღამოები  ტრადიციადაა ქცეული ქუთაისის უნივერსიტეტში და უკვე 10 წელია ყოველთვის განსხვავებული ფორმატით იმართება.

სპეციალურად ამ დღისათვის სადღესასწაულოდ გაფორმებულ  ეზოში შეიკრიბა კურსდამთავრებულები,უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუმრები. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის  დამთავრება უნივერსიტეტის რექტორმა ლია ელიავამ მიულოცა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა მათი მშობლები-  უნივერსიტეტის ერთგულებისა და ღირსეული შვილის აღზრდისათვის.

შეკრებილთ მიესალმა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთ- ერთი აქტიური დამსაქმებელი - მიკროსაფინანსო კომპანია ,,კრისტალ“-ის წარმომადგენელი.

კიდევ ერთმა  აქტიურმა დამსაქმებელმა და პარტნიორმა ორგანიზაცია - თი-ბი-სი- ბანკმა  სასაჩუქრე პაკეტებით დააჯილდოვა  უნივერსიტეტის გამორჩეულად აქტიური სტუდენტები, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების 6 კურსდამთავრებულს კი გადაეცა სტაჟირების პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ლელა ქელბაქიანმა და ლაშა ლაღიძემ  ორ წარჩინებულ სტუდენტს – მედეა ქირიასა და თინათინ ბერაძეს  საჩუქრად პარიზის საგზურები გადასცეს. ასევე გამორჩეული საჩუქარი მიიღო კიდევ ერთმა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა -  სამაგისტრო გრანტი გადაეცა მარიამ დანელიას. საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა წყვილი, რომელთაც უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი და ოჯახი შექმნეს.  ქუთაისის უნივერსიტეტმა საჩუქარი მათ პატარას გაუკეთა.

ეს მოულოდნელი,  ძალიან დიდი სიურპრიზი  უზომო ემოციისა და სიხარულის საბაბი შეიქმნა თითოეული მათგანისათვის, რისთვისაც   დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის დამუძნებლებსა და ხელმძღვანელობას.

მართლაც რომ არაჩვეულებრივი საღამო, ჩვეული პროფესიონალიზმით, ხალისითა და  ორიგინალობით კიდევ უფრო გაალამაზა და ხიბლი შესძინა ჟურნალისტმა და წამყვანმა  დავით ლიკლიკაძემ.

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო ტრადიციულად ქუდების აგდებით, საზეიმო ტორტის გაჭრითა და ბენდ ,,მუზეუმის“  მუსიკალური კომპოზიციით დაგვირგვინდა.

 

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook