ემზარ ჯულაყიძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შალვა ჯულაყიძე
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციის მიუხედავად, მაღალგანვითარებული პერსონალი იყო, არის და ყოველთვის იქნება ორგანიზაციული წარმატების შეუცვლელი ფაქტორი. თუმცა, პერსონალის განვითარების ორი ძირითადი პრაქტიკიდან ის მიმართულება, რომელიც არსებული პერსონალის სწავლებას ემხრობა, უდაოა, რომ უფრო თანამედროვე მიდგომაა. ისმის კითხვა - რას ნიშნავს პერსონალის განვითარება? პერსონალის განვითარება, ჩვენი აზრით, პირველ რიგში ნიშნავს მათი კომპეტენციის ამაღლებას და მასთან ერთად ორგანიზაციაში ჯანსაღი კორპორატიული კულტურის დამკვიდრებას, რადგან კონკურენტებზე კვალიფიციური პერსონალი, მათი შესაძლებლობების უკეთ გამოყენების უნარი არის წარმატებული სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. თუმცა, პერსონალის განვითარება, როგორც წარმატებული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევის საბოლოო შედეგი უნდა იყოს კომპანიის საკვანძო კომპეტენციის ამაღლება, რადგანაც სწორედ უნიკალური შესაძლებლობები აძლევს კომპანიას შანსს გამოიყენოს სასიკეთო საბაზრო გარემოებები, მიაღწიოს კონკურენტულ უპირატესობას და განვითარდეს. ცხადია, რომ საკვანძო კომპეტენციების შექმნა არ არის მარტივი საქმე. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მისი შეძენა, როგორც წესი, შეუძლებელია. ამ საქმეში წარმატებულ კომპანიათა შესაძლებლობების კოპირებაც არ იძლევა შედეგს. ის კომპანიაში უნდა შეიქმნას და იქვე უნდა განვითარდეს. ბევრი მტკიცება არ სჭირდება, ასევე, იმის დასაბუთებასაც, რომ სტრატეგიასთან შეხამებული კორპორატიული კულტურა ძლიერი იარაღია მისი წარმატებული რეალიზების საქმეში. შესაბამისად, იმ მიზნით, რათა არ შემცირდეს მენეჯმენტის ზრუნვა პერსონალის განვითარებაზე და კომპანიის კომპეტენციის უწყვეტ ამაღლებაზე, მართებულად მიგვაჩნია, რომ კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში შეიქმნას და მნიშვნელოვანი რანგი გააჩნდეს მისი ფუნქციონირების ისეთ პრიორიტეტებს, რასაც შესაძლოა „სტრატეგიული კომპეტენციები“ და „სტრატეგიული კულტურა“ დავარქვათ. ჩვენი აზრით, მათ გარეშე კომპანიის გრძელვადიანი განვითარება შეუძლებელია. ასეთ სტრუქტურების შექმნა კი - მათზე დაკისრებული მიმართულებით მნიშვნელოვან ცოდნას დააგროვებას, რასაც დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის განვითარებისათვის.
ჯულაყიძე ე., ჯულაყიძე შ. (2023) წარმატებული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევა - ზრუნვა პერსონალის განვითარებაზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 152 - 156. DOI: https://doi.org/10.52244/c.2023.11.19
სინერჯი ჯგუფი 2017 სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა. ელრესურსი: http://www.synergy.ge/article/ მოძიებულია 25.05.22.
ჯულაყიძე ე. (2019) ლიდერობა და მოტივაციის მართვა, ქუთაისი, აწსუ - 252 გვ.
ჯულაყიძე ე. (2022) კომპანიათა სიცოცხლისუნარიანობა და ორგანიზაციული არქიტექტურა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარების” აბსტრაქტების კრებული. ბათუმი, ბსუ. https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_16504_1.pdf
Peter Senge’s Learning Organizations. (2005) სწავლებადი ორგანიზაციები და განვითარების 5 დისციპლინა https://neoinsight.wordpress.com/2005/11/03/5-cornerstones-of-learning-organizations-by-peter-seng/