ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის შესახებ

 

 

 

 

 

 

ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ქუთაისია იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIIIს) დედაქალაქად თვლიდნენ. ქალაქის ძველი სახელებია: აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ვრცელი დასახლების კვალი. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. X საუკუნეში ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. სწორედ დავით აღმაშენებელმა ააგო ქუთაისთან ახლოს გელათის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმათლებლო კერა გახდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. დღესდღეობით ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კულტურით. აქ ფუნქციონირებს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, მუზეუმი, თეატრი, გალერეები და ა.შ. ქალაქში ასევე არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, კინო და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, სადაც კომფორტულ დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. ქუთაისი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. უქიმერიონის ციხე, გელათიბაგრატის ტაძარი, ასევე სხვა მრავალი კულტურისა თუ ბუნების ძეგლი და თავად ქალაქის სილამაზე აუცილებლად შეგაყვარებთ ქუთაისს.