ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პროექტები

წელი: 2021
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება: საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში
ხანგრძლივობა: 1.01.2021 – 1.07.2021
მოკლე აღწერა:  კვლევითი პროექტი  - „საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში“ 2021 წლის პირველ ნახევარში უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ფაკულტეტზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში განხილული საკითხები მეტად აქტუალურია, რასაც განაპირობებს კოვიდპანდემიის გავრცელებით საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, როგორც მაკრო, ისე რეგიონულ დონეებზე. ცხადია, რომ პანდემია არ შემოიფარგლა მხოლოდ ავადობისა და სიკვდილიანობის დონის ზრდით, არამედ უარყოფითი გავლენა მოახდინა მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზე. მასობრივი ლოკდაუნებისა და საკარანტინო ზომების შემოღების ფონზე დიდი დანაკარგები განიცადა ეკონომიკის მთელმა რიგმა დარგებმა. განსაკუთრებულად იზარალეს ტურიზმის, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი კვების, გართობის და დასვენების ინდუსტრიის, ნავთობის სექტორის კომპანიებმა. ეკონომიკური განვითარების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიო ეკონომიკა ღრმა რეცესიაში ჩაეფლო. ეკონომიკური სტაგნაციის დონე პირდაპირ კორელირებს შემოღებული შეზღუდვების მოცულობასთან. ბუნებრივია, მსოფლიოში არსებული ვითარება შესაბამისად აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. COVID-19 კრიზისი ამავდროულად იძლევა ბევრი პრობლემის გადააზრების საშუალებასაც, რაც ერთგვარად დიდი გადატვირთვის წინაპირობასაც ქმნის. ამ თვალსაზრისით კვლევაში  განხილულია საქართველოში COVID-19-ის პირობებში მშპ-ის ფორმირების ტენდენციები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფისკალური დეცენტრალიზაციის აქტუალური საკითხები.
პროექტში ასევე მოტანილია რეგიონული ეკონომიკური განვითარების უთანაბრობის კვლევის შედეგები მთავარ კომპონენტთა მეთოდის მეშვეობით და ეკონომიკური სისტემის კოვიდ პანდემიის პირობებში ფუნქციონირების სტრატეგიის კვლევა მარკოვის ჯაჭვების მეშვეობით. COVID-19-ის პრობლემატიკის გათვალისწინებით, გამოყენებულია 2020 წლის მონაცემები და მათთან შედარებები. ავტორებმა ძირითადად გამოიყენეს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მასალები. თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, ზოგიერთი მიმართულებით ანალიზი მხოლოდ წინასწარ მონაცემებს დაეყრდნო.
პროექტის ფარლებში კვლევის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

  • საქართველოში რეგიონული განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში;
  • საქართველოში რეგიონული უთანაბრობის და მისგან გამოწვეული პრობლემების კვლევა COVID-19-ის პირობებში;
  • კორონავირუსის პანდემიის, როგორც ფინანსური ცენტრალიზაციისა და ეკონომიკური უთანაბრობის სტრეს-ტესტის წარმოდგენა/ანალიზი;
  • COVID-19-ის გავლენა საქართველოს ქალაქების ეკონომიკურ განვითარებაზე (ქუთაისის მაგალითი);
  • კვლევის შედეგების პრაქტიკაში იმპლემენტირების მიზანშეწონილობის განსაზღვრა მიმდინარე ეტაპზე, შესაბამისი უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით;
  • იმერეთის რეგიონის საჭიროებათა გამოვლნა კვლევის შედეგების გათვალისწინებით;
  • მიღებული კონკრეტული შედეგების ქვეყნის სხვა რეგიონებზე გავრცელების შესაძლებლობების გზების დასახვა;
  • პრაქტიკული სახის რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება;
  • პროექტის კვლევის ძირითადი შედეგების სამეცნიერო სტატიის სახით გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ, აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალში;
  • პროქტის ავტორების მომავალი დოქტორანტების კვლევითი ნაშრომების ორიენტირება პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ პრობლმებზე;

კვლევა დაეფუძნა კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ მიდგომებს. ძირითადი მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებთ კვლევაში არის: დაკვირვება, გამოკითხვა, ჩაღრმავებული ინტერვიუირება, სინთეზი, ანალიზი (დინამიკური, შედარებითი და სხვ.), დაჯგუფება, პროგნოზირების სხვადასხვა მეთოდები, იდექსების შედგენა, სკალირება და ა.შ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ტერიტორიული ერთეულების როლის გაძლიერების და უცხოური გამოცდილების ეფექტურად გაზიარების აუცილებლობას. პროექტის შედეგები სასარგებლო იქნება აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის, სტუდენტებისათვის, ბიზნესმენებისა და ინვესტორებისათვის (მ.შ. უცხოელი), რეგიონული ხელისფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვი და ა.შ. პროექტის კვლევის ძირითადი შედეგები გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ, აღიარებულ სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალში, ასევე უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რითაც იგი წვდომადი იქნება დაიტერესებული პირებისათვის.
პროექტის მასალები (გამოქვეყნებულია ღია მეცნიერების პოლიტიკის ფარგლებში)
საბოლოო ანგარიში
პრეზენტაცია COVID-19 და ქალაქების ეკონომიკური განვითარების კონტექსტი
პრეზენტაცია საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში
მთავარ კომპონენტთა ანალიზის მეშვეობით რეგიონული უთანაბრობის კვლევა - პროგრამული კოდის ლისტინგი (ნაწილი 1)
მთავარ კომპონენტთა ანალიზის მეშვეობით რეგიონული უთანაბრობის კვლევა - პროგრამული კოდის ლისტინგი (ნაწილი 2)
მარკოვის ჯაჭვების გამოყენებით ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების სტრატეგიის კვლევა - პროგრამული კოდის ლისტინგი
მონოგრაფია საქართველოს ეკონომიკური განვითარება COVID-19-ის პირობებში (მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები)
კვლევაში გამოყენებული მონაცემები


წელი: 2016
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება: სარეკომენდაციო საინვესტიციო წინადადებების და კონკრეტული შეთავაზებების მომზადება ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში
ხანგრძლივობა: 1.01.2016 – 1.10.2016
მოკლე აღწერა: ქუთაისის გეოგრაფიულ არეალში არსებული საპრივატიზაციო შენობების ფართები და მიწის ნაკვეთები კარგ შესაძლებლობებს იძლევა ისეთი ინვესტიციების მოსაზიდად, რომლებიც თანხვედრაში იქნება ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებისა და სტრატეგიული მიზნების რეალიზებისთვის.
კონკრეტული არეალის ეკონომიკური განვითარებისათვის  ერთერთი მიღებული პრაქტიკაა ქალაქის თვითმართველობის მიერ ქალაქის განვითარების ძირითადი სტრატეგიის შემუშავება, ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შესაბამისად  ნედლი „ბიზნეს იდეების“ შემუშავება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება  და მათი იმპლიმენტაციისათვის დაინტერესებული კერძო სექტორის მოზიდვა. პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

  • არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კვლევა მათი შემდგომი ფუნქციონალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად;
  • მზა საინვესტიციო წინადადებების და კონკრეტული ბიზნეს შეთავაზებების მომზადება პოტენციური ინვესტორებისთვის;
  • ქალაქში სხვა არსებული აქტივების (თავისუფალი მიწის ნაკვეთები, ნაკლებ ეფექტურად გამოყენებული ობიექტები) კვლევა და ანალიზი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით; 
  • არსებული აქტივების უკეთესად უტილიზაციის მიზნით  ახალი შეთავაზებების შემუშავება;
  • კვლევის შედეგების და ბიზნეს წინადადებების სტრუქტურირება ქალაქის განვითარების სტატეგიული მიმართულებების მიხედვით.

წელი: 2014-2015
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება: მიმზიდველობიდან ტურისტული შეთავაზებების ინტეგრირებულ პაკეტებამდე: ტურიზმის მარკეტინგული გეგმა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენისათვის
ხანგრძლივობა:  1.12.2014 – 1.10.2015
მოკლე აღწერა:  პროექტის მიზანს სწორედ რეგიონულ ტურიზმთან დაკავშირებული კვლევების განხორციელება და კონკრეტული მარკეტინგული გეგმის შემუშავება წარმოადგენს, რომლის შედეგებიც შემდგომში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურიზმის ახალი სტრატეგიის სწორად გადახალისებაში.  
პროექტით გათვალისწინებული კვლევების მოსალოდნელი შედეგები შემდეგია:
ა. მარკეტინგის და წინწაწევის („პრომოუშენის“) გეგმა – ქალაქის და მისი შემოგარენის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, სტრატეგიული პოზიციონირება; ტურისტული მოდელების და პრიორიტეტული ბაზრებისა თუ სეგმენტების იდენტიფიცირება. 
ბ. პროდუქტის განვითარება და დივერსიფიკაცია – გამოვლენილი პოტენციური პროდუქტები დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად.
კვლევის შედეგების პოტენციური მომხმარებლებია:

  • რეგიონული მართვის ორგანიზაციებიDMO-ები;
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
  • რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება;
  • კერძო სექტორი;
  • ადგილობრივი საზოგადოება (თემები).

კვლევის ფინალურ ეტაპზე განხორციელდა შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მონაწილეობით. კვლევის შედეგი - საბოლოო დოკუმენტი მიეწოდა ქ.ქუთაისის მერიას ქალაქის განვითარების სტრატეგიაში ასახვის მიზნით.


წელი: 2013-2014
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება: რეგიონული მმართველობის და თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები და ფისკალური დეცენტრალიზაციის აქტუალური საკითხები
ხანგრძლივობა:  15.12.2013 -15.10.2014
მოკლე აღწერა: ჩვენს ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ არსებული მდგომარეობა რეალურად განიცდის სათანადო მეცნიერული ანალიზის ნაკლებობას. მართალია, სახელმწიფომ დეცენტრალიზაციის აუცილებლობა აღიარა, მაგრამ ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ გამოსწორებასა და დახვეწას მოითხოვს. ეს კი შეუძლებელია სათანადო მეცნიერული ანალიზის გარეშე. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდა თეორიული კვლევა და მომზადდა მასალა 

  • ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაზრდის და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობის დასაბუთება;
  • ადგილობრივი ორგანოების საჭიროებათა შესწავლა (ფინანსური საფუძვლები);
  • ფისკალური დეცენტრალიზაციის გამოცდილების შესწავლა სხვადასხვა ქვეყნებში;
  • ფისკალური დეცენტრალიზაციის ინსტრუმენტები და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა;
  • ფისკალური დეცენტალიზაციის პრობლემები საქართველოში;
  • კვლევის შედეგების სისტემატიზაცია;
  • კონცეფციის პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სათანადო ანგარიში, რომელსაც გააჩნია თეორიული და პრაქტიკული ღირებულება.


წელი: 2013-2014
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება: მომსახურების სფეროს (სასტუმროების, რესტორნების, გასართობი ცენტრების)  ბაზრის კვლევა ქ. ქუთაისში
ხანგრძლივობა:   15. 12. 2013 – 15.10.2014
მოკლე აღწერა:  კვლევითი პროექტის შედეგებს აქვს პრაქტიკული გამოყენებითი დატვირთვა, რამდენადაც ჯერ ერთი, იგი არის სრულყოფილი კვლევა მომსახურების სფეროს ბიზნესზე (სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები) და ასევე გაკეთდა სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზი.  კვლევა უაღრესად დადებითად წაადგება  ამ სფეროში მომუშავე მკვლევარებს, ტურისტულ სააგენტოებს და სამთავრობო სტრუქტურებს. ამდენად, კვლევის შედეგების პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მოვიაზროთ:  როგორც ჩვენი, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები რომლებიც მოისურვებენ ამ სფეროში ბიზნესის დაწყებას.


წელი: 2013-2014
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:   სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა 
ხანგრძლივობა:     1.12.2013-1.08.2014
მოკლე აღწერა:   საქართველოში ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე  კვალიფიციური კადრების მომზადებას, ამაში რა თქმა უნდა ჩართულია უმაღლეს სასწავლებლები. სასწავლებლებს შორის არსებობს კონკურენცია იმაზე, თუ რომელი უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებული ნახულობს უფრო მეტად სამუშაოს და რა უნარ -ჩვევებს უმუშავებს სასწავლებელი მას. კომპეტენციების გამომუშავება სწავლის პროცესთან ერთად ხდება აგრეთვე საწარმოო პრაქტიკაზე. პროექტის აქტუალობას განაპირობებს უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა. სააგენტოში სტუდენტები უშუალოდ გამოიმუშავებენ იმ კომპეტენციებს, რაც საჭიროა თანამედროვე პირობებში და რითაც, ის კონკურენტუნარიანი გახდება შრომის ბაზარზე  და  ასევე, შეძლებენ დამოუკიდებლად წამოიწყონ და წარმართონ თავიანთი ბიზნესი.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

  • სასწავლო-პრაქტიკული ტურისტული სააგენტოს შექმნა;
  • ტურისტული სააგენტოსათვის საჭირო ინვენტარისა და მოწყობილობების შეძენა;
  • ტურისტული მარშრუტების აღწერა და შედგენა;
  • საილუსტრაციო მასალის მომზადება;
  • ტურისტული სააგენტოს ბუკლეტების მომზადება;
  • ტურისტული მარშრუტების მოწყობა სასწავლო-პრაქტიკის ფარგლებში;
  • მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

წელი: 2012-2013
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:    ქ. ქუთაისის ბრენდინგის კონცეფციის შემუშავება 
ხანგრძლივობა:    1.12.2012 - 1.08.2013
მოკლე აღწერა:   რეგიონებისა და ქალაქების ბრენდების შექმნა დღეისათვის ძალზე აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ეს მოვლენა დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქალაქის ან ტერიტორიის ბრენდის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინვესტიციების შემოდინება აღნიშნულ ქალაქსა თუ ტერიტორიაზე, მოინდომებენ თუ არა რეგიონის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეწარმეები მოახდინონ და გაზარდონ კაპიტალდაბანდებები. 
თანამედროვე ბრენდინგს საფუძველია ქალაქის პოზიტიური იმიჯი. იმიჯი ექვემდებარება ცვლილებას და ამგვარი ცვლილება შესაძლებელია გამოყენებული იქნას ახალი ბრენდის შესაქმნელად. ქალაქის ცხოვრების ყოველი ასპექტი - დაწყებული ქუჩების სისუფთავითა და საწარმოებისა და დაწესებულებების ფუნქციონირებით, - გავლენას ახდენს ბრენდის ფორმირებაზე. ქალაქი, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისათვის, ტურისტებისა და ადგილობრივ მცხოვრებთათ, როგორც ქალაქის ბრენდის რეტრანსლატორებისათვის, აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსებს - ეს არის წარმატებული პროდუქტი  ტერიტორიების ბაზარზე. კვლევის ამოცანებად დაისახა:

  • ქალაქის ბრენდირების შესახებ მსოფლიოში არსებული გამოცდილების შესახებ  ინფორმაციის მოძიება და გადამუშავება;
  • ქ.ქუთაისის უნიკალურობისა და თავისებურებების შესწავლა;
  • ქ.ქუთაისის ბრენდირების კონცეფციის შემუშავება;
  • კვლევის შედეგების სისტემატიზაცია და გამოცემა;
  • დამუშავებული მასალის ბეჭდური ფორმით (წიგნის სახით) გამოცემა და კონცეფციის პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში მომზადდა წინაპირობა იმისათვის, რომ ქალაქის სტრატეგიაში გათვალისწინებულიყო ბრენდინგის ელემენტები. გამოიცა წიგნი „ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები“, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია ანალოგი.


წელი: 2011-2012
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:    ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ სასწავლო კურსის მომზადება 
ხანგრძლივობა:      1.09.2011 – 1.03.2012
მოკლე აღწერა:   გრანტის მიხედვით განსაზღვრულია ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ ახალი ფორმით, მეთოდებითა და სტრატეგიით სწავლება, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია ანალოგი. ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მოდიფიკაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ბაკალავრებისათვის ბიზნესის საფუძვლების ეფექტიანი სწავლების მიზნით, რაც მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საწინდარი უნდა გახდეს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შექმნილიყო სპეციალური სასწავლო დისციპლინა. მისი შესწავლით მყარი საფუძვლები უნდა შექმნას სხვა ბიზნეს დისციპლინების შემდგომი შესწავლისათვის და თვითგანვითარებისთვის.        
კვლევის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:

  • ახალი სასწავლო დისციპლინისათვის შესაბამისი წყაროების მოძიება და გადამუშავება;
  • ქართული ბიზნეს-სექტორის რეალობის აღწერა-დახასიათება;
  • საილუსტრაციო მასალის მომზადება;
  • სახელმძღვანელოს მომზადება სტამბური წესით გამოსაცემად;
  • სახელმძღვანელოს გამოცემა;
  • სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.

წელი: 2010-2011
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:    რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება (იმერეთის მაგალითზე) 
ხანგრძლივობა:     1.09.2010-1.03.2011
მოკლე აღწერა:   აღნიშნულ პროგრამას იმერეთის რეგიონისათვის ანალოგი არ გააჩნია. პროგრამის რეალიზაცია ორიენტირებულია იმერეთის მხარეში უცხოური ინვესტიციების შემოდინების, სამრეწველო, სავაჭრო, ტურისტული და აგრო სექტორების განვითარების, რეგიონის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის რეალური შემოსავლების გადიდების, სიღარიბის ეტაპობრივი დაძლევის და სოციალური ფონის გაუმჯობესების ხელშეუწყობაზე.
კვლევის შედეგები გათვლილია მნიშვნელოვან პრაქტიკულ და გამოყენებით დატვირთვაზე, რამდენადაც მის პოტენციურ მომხმარებლად შეიძლება მოვიაზროთ: საერთო-სახელმწიფო და რეგიონული მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შიდა და გარე ინვესტორები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტები, რეგიონის სტუმრები და ტურისტები, სხვა დაინტერესებული პირები.
ამ დოკუმენტს დაეყრდნო რეგიონის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2012 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. 


წელი: 2010-2011
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:    რეგიონის საგანმანათლებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა (იმერეთის მაგალითზე) 
ხანგრძლივობა:      1.09.2010-1.07.2011
მოკლე აღწერა:   განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც განათლების სისტემა მთელს მსოფლიოში რადიკალურ სისტემურ ცვლილებებს განიცდის, უმაღლესი სასწავლებლები განიხილებიან როგორც კომპანიები სპეციფიკური პროდუქტით - ცოდნით. ამიტომ, ხშირად, საუნივერსიტეტო სტრატეგიების ფორმირების დროს, სამოქმედო პრიორიტეტების გამოკვეთისას, ექსპერტები და ანალიტიკოსები იყენებენ თითქმის იგივე ხერხებსა და მეთოდებს, რაც გამოიყენება ბიზნესების შეფასების დროს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური ხდება კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში, როგორსაც წარმოადგენს ქუთაისის უნივერსიტეტი.
პროექტის ძირითადი მიზნის მიღწევის პროცესში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული ამოცანები: 

  • ქუთაისის უნივერსიტეტის „გეოგრაფიის“ განსაზღვრა; 
  • გარემოს შესწავლა, რომელშიც მოქმედებს ქუთაისის უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტის SWOT ანალიზის განხორციელება;
  • კონკურენციული ანალიზის განხორციელება ქუთაისის უნივერსიტეტისათვის;
  • ანალიზის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით SMART ანალიზის განხორციელება;
  • უნივერსიტეტის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივების გამოკვეთა და შესაბამისი ბიუჯეტის ფორმირება;
  • სტრატეგიული განვიტარების გეგმის განახლება და შევსება.

წელი: 2010-2011
სტატუსი: დასრულებული
პროექტის დასახელება:    ახალი სპეციალური ოფისების ჩამოყალიბება ქუთაისის უნივერსიტეტში
ხანგრძლივობა:      1.09.2010-1.07.2011
მოკლე აღწერა:   პროექტის მიზნად განისაზღვრა ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი სპეციალური ოფისების ჩამოყალიბება. ესენია: კარიერის მართვის ცენტრი და მარკეტინგის ოფისი.
პროექტის გახორციელების შედეგად ქუთაისის  უნივერსიტეტში დაარსდა ახალი სპეციალური ოფისები.  
კარიერის მართვის ცენტრი ორიენტირებული იქნება შემდეგ შედეგზე:

  • დაეხმაროს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერის სწორ დაგეგმვაში და მოახდინოს მათი ცოდნის ადაპტირება შრომის ბაზრის რეალური მოთხოვნებისადმი;
  • უზრუნველყოფს მათ საჭირო ინფორმაციითა და დაეხმარება ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაში.
  • დაეხმარება საწარმოებსა და კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის  სფეროში

მარკეტინგის ოფისის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა. საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნისა და შრომის ბაზრის ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს  შევაფასოთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის და სპეციალობის პერსპექტიულობა და, შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ სასწავლო მიმართულებები.