ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების და საგადასახადო კულტურის ფორმირების ზოგიერთ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით


გურამ უფლისაშვილი

ეკონომიკის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

ნაშრომში საუბარია საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების და საგადასახადო კულტურის ფორმირების პრობლემებზე.

საგადასახადო სისტემის ნაწილია ურთიერთობების ფორმები საგადასახადო ადმინისტრირების ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის.  საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების შედეგები დამოკიდებულია არა მარტო საგადასახადო კანონმდებლობაზე და საგადასახადო ადმინისტრირების ხარისხზე, ასევე მოქალაქეთა მენტალიტეტზე, კანონმორჩილებაზე, მათ მზაობაზე დადგენილი საგადასახადო ტვირთის მიმართ, საზოგადოების საგადასახადო კულტურაზე. ცხადია, რომ სხვადასხვა საზოგადოებებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან მათთვის დამახასიათებელი საგადასახადო კულტურით.

ნებისმიერი ქვეყნის საგადასახადო სისტემის აგების აუცილებელი პირობა არის მის გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნება. ამ პრინციპებს შორისაა კანონით რეგლამენტირებულობის, სავალდებულობის, უნიფიცირებულობის, სამართლიანობის, სტაბილურობის, ეკონომიურობის და სხვა პრინციპები. საგადასახადო სისტემის მშენებლობისას ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი საგადასახადო კულტურის თავისებურებებს.

ნაშრომში განხილულია საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების პროცესში გამოვლენილი ზოგიერთი პრობლემური საკითხი, რაც უკავშირდება საგადასახადო კულტურის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს. ყურადღება გავამახვილეთ იმ რისკებზე, რომელიც  გამოვლინდა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების პროცედურების გამარტივების ღონისძიებების, ასევე აქციზის განაკვეთების ზრდის  მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ნეგატიურ ფისკალურ შედეგებს და ცუდად მოქმედებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო მორალზე.

მიგვაჩნია, რომ საგადასახადო სისტემის რეფორმირების დაგეგმვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას დაბეგვრის ტვირთის მიმართ გადასახადის გადამხდელთა მზაობის ხარისხი. ამასთან, საგადასახადო სისტემის ფორმირების და საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ სწორი პოზიტიური თუ ნეგატიური სტიმულების მიცემის გზით გადასახადის გადამხდელთა მოტივაცია და მთლიანად საზოგადოების განწყობები გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდეს სასურველი მიმართულებით.

აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ადმინისტრირების სისტემის რეფორმირება გაგრძელდეს შემდეგი პირობების დაცვით:

  • საგადასახადო ადმინისტრირების პროცედურების შემდგომი გამარტივება.  ელექტრონულ სერვისების კიდევ უფრო გაძლიერება. არ არის გამართლებული დამატებითი (მით უმეტეს არასაგადასახადო სახის) რეგულაციების შემოღება გადამხდელთათვის;
  • დაბეგვრის დაბალი ნაკვეთების შენარჩუნება. საგადასახადო კულტურის არსებული დონის პირობებში მაღალი განაკვეთები გადამხდელებს ჩრდილოვანი ოპერაციებისკენ უბიძგებს, რითაც ძირი ეთხრება გადასახადებისადმი მათ ლოიალურობას;
  • საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერების საკითხებში. ასეთი, მით უმეტეს განგრძობადი ხასიათის პრეცედენტები ამახინჯებს გადამხდელთა მოტივაციას;
  • საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობაში და ადმინისტრირებაში არსებული სუსტი ადგილების აღმოფხვრა. ეს ეხება არა მხოლოდ ზედმეტობების დაბრუნების პროცედურებს, ასევე დაბეგვრის სპეციალური რეჟიმებით და რიგი შეღავათებით უკანონოდ სარგებლობის შესაძლებლობებს;
  • მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საგადასახადო პრაქტიკის სტაბილურობის აღქმის დამკვიდრება. საჭიროა გადასახადების სავალდებულობის, კანონით რეგლამენტირებულობის, უნიფიცირებულობის, სამართლიანობის და სხვა პრინციპების დაცვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში საზოგადოების საგადასახადო კულტურა გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება სწორი მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: გადასახადები, საგადასახადო სისტემა, საგადასახადო კულტურა, გადასახადების ადმინისტრირება
JEL: H2, O17
DOI: 10.52244/c.2023.11.27

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, URL: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1405264?publication=3 (ხელმისაწვდომია 17.10.2023);

საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კოდიფიცირებული) (სსკ), URL: https://matsne.gov.ge/document/view/1043717?publication=204 (ხელმისაწვდომია 17.10.2023);

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წლიური ანგარიშები, URL: https://rs.ge/AboutUs?cat=5&tab=1 (ხელმისაწვდომია 17.10.2023);

უფლისაშვილი, გ. (2021). საქართველოს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ზოგიერთი პრობლემატური საკითხი, “ეკონომიკური პროფილი”, ტომი 16, 1 (21), ON SOME PROBLEM ISSUES RELATED TO LIBERALIZATION OF THE TAX SYSTEM IN GEORGIA, Economic Profile, Volume 16, Issue 1(21), 2021, URL: http://economicprofile.org/pdf/f903b66020df2dc2f852e4afc70ebe3b.pdf (ხელმისაწვდომია 17.10.2023);

უფლისაშვილი, გ. (2022). საქართველოს სააქციზო პოლიტიკის პრობლემური საკითხები, “ეკონომიკური პროფილი”, ტომი 17, 1 (23), PROBLEMATIC ISSUES OF THE EXCISE POLICY OF GEORGIA, Economic Profile, Volume 17, Issue 1(23), 2022, URL: http://economicprofile.org/pdf/Guram%20Uplisashvili.pdf  (ხელმისაწვდომია 17.10.2023);

Birger Nerré. Tax Culture: A Basic Concept for Tax Politics, URL: https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0313592608500117 (ხელმისაწვდომია 17.10.2023)