ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ადამიანური კაპიტალის ფორმირების თანამედროვე ტენდენციები


ნაირა ვირსალაძე

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი

[email protected]

მალვინა ყიფიანი

ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

ადამიანურმა კაპიტალმა საზოგადოების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები განიცადა.  დღეს ეკონომიკური ზრდისა და  განვითარებისათვის მაღალი  ხარისხის მქონე ადამიანური კაპიტალი  ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი  რესურსია.  ცოდნა, განათლება, ჯანდაცვა,  ცხოვრების ხარისხი და წამყვანი სპეციალისტების როლი,  ქვეყნის   მდგრადი  განვითარების საფუძველი გახდა. 

დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ახალ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის დღიდან   ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა არის უწყვეტი  რეფორმების პროცესში. ის  ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რათა მიუახლოვდეს საერთაშორისოდ  აღიარებულ შეფასების სისტემას.  ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მიიღონ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. მოწინავე ქვეყნების გამოცდილების შესწავლის მიზნით, გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, ხორციელდება  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში გაგზავნა, რომელიც ახალგაზრდებისათვის დიდი  გამოცდილების მომტანია.    ადამიანური კაპიტალის  განვითარებისათვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს ასევე პროფესიულ განათლებას. იგი  შესაძლებლობას აძლევს  ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს, აითვისოს ის პროფესია, რომელიც  საშუალებას მისცემს სწრაფად დასაქმდეს, მიიღოს ანაზრაურება და   თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ  განვითარებაში.

კოვიდ  პანდემიამ კიდევ უფრო მძაფრად და აშკარად წარმოაჩინა სამუშაო ძალასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა  კვალიფიციური კადრების უკმარისობა. ქართული შრომის ბაზარი სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას ვერ აკეთებს მოთხოვნადი პროფესიებისა და სპეციალობების  მიმართ. ჯერ კიდევ ვერ მოხდა „გადატვირთვა“  სწავლების თანამედროვე   უნარებისა და ჩვევების მქონე  კვალიფიციური სამუშაო ძალის მოსამზადებლად. ჯერ კიდევ იზოლირებულად, ცალ-ცალკე მუშაობს უმაღლესი საგანმანათლებლო,  პროფესიული სასწავლებლები და მათი რეალური დამსაქმებლები. სამწუხაროდ, ხშირად აცდენილია ორივე მხარის მიზნები და ამოცანები.

სერიოზული გადასახედია მისაღები გამოცდებით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხი ქულების მინიმალური ზღვარის გაზრდა. საკითხი პირდაპირ უკავშირდება ადამიანური კაპიტალის ხარისხობრივი მაჩვენებლის გამოყენებას. საშუალო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტი რთულად იმკვიდრებს თავს ან  ვერ საქმდება პროფესიით. ეს სერიოზული პრობლემაა და დროულ გადახედვას მოითხოვს. ცნობილია, რომ რაც მეტი თანხები იხარჯება უმაღლესი განათლების მიღებაზე, მით უფრო უკეთესი შედეგია ეროვნულ ეკონომიკაში.   განათლებული  სამუშაო ძალა მით უკეთეს შედეგს იძლევა. მაღალი ხარისხის ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებას და ადგილზე დამაგრებას არანაკლები ზრუნვა ჭირდება სათანადო განათლების მიღების შემდეგაც. ასეთი სპეციალისტები დაბალი ანაზღაურების გამო  მიდიან საზღვარგარეთ. სწორედ ამ პროცესს ეძახიან  „ინტელექტის გადინებას“, რომელიც  ძალიან ნაცნობი პროცესია საქართველოსათვის.

ადამიანური კაპიტალის მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზრისით ბოლო წლებია, განსაკუთრებით წინ წამოიწია ინკლუზიურმა სწავლებამ. მას ორმაგი დატვირთვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მორალური მხარე გაცილებით მეტია ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მაგრამ სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,  იგი არანაკლები მნიშვნელოვანი საკითხია. ინკლუზიურ განათლებასთან ერთად,  დღეს დიდი როლი ენიჭება ხანდაზმული ადამიანების დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების, პროფესიონალიზმის გამოყენებას. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანები ქმნიან „ვერცხლის ეკონომიკას“. მათი როლი საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანია დემოგრაფიულად დაბერებული საზოგადოების სრულფასოვანი ეკონომიკური განვითარებისათვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და მეცნიერების მიღწევათა ფონზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის ყოველდღიურად როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად სრულიად ახალი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური კაპიტალის უწყვეტ განვითარებას. სიახლეების გამოწვევების შესაბამისად აუცილებელია  ახლებური და მოთხოვნის შესაბამისი ტენდენციების ჩამოყალიბება და თანმიმდევრული დამკვიდრება.


საკვანძო სიტყვები: ადამიანური კაპიტალი, ცოდნის ეკონომიკა, პროფესიული და ინკლუზიური განათლება, ინტელექტის გადინება, ვერცხლისფერი ეკონომიკა
JEL: O15
DOI: 10.52244/c.2023.11.28

გამოყენებული ლიტერატურა:

ვირსალაძე ნ.,  ყიფიანი მ.,  დასაქმების ზრდა-ეკონომიკური განვითარებისა  და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების  უპირობო გარანტი., აწსუ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები: COVID-19 პანდემიის კონტექსტი”, 2022 წ.  

ვირსალაძე ნ., „ხალხთმოსახლების ეკონომიკა და ეკონომიკური დემოგრაფია“, ლექციების კურსი,  გვ;  86-87 , აწსუ, 2022 წ. 

 სულაბერიძე ავთ.,  სულაბერიძე ვლ., „ დემოგრაფიული დაბერება და „ვერცხლისფერი ეკონომიკა“, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული: „მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“, (7-8 ოქტომბერი, 2023, თბილისი) , გვ: 116-118 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ოფიციალური ინფორმაცია,2020  წ   

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოფიციალური ინფორმაცია,  2020 წ.