ნაირა ვირსალაძე, მალვინა ყიფიანი
საუკუნეების მანძილზე ადამიანები გარე სამყაროს და მასში არსებულ ბუნებრივ რესურსებს თავიანთ საკეთილდღეოდ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებდნენ. ასეთმა მიდგომამ მნიშვნელოვნად დააზარალა გარემო, რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში. მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ბუნებრივი რესურსების გამოყენებამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, როცა მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებმი ისეთ ნიშნულამდე მივიდა, რომ მათ შემდგომ მატებას შესაძლოა, კაცობრიობა რესურსული უკმარისობის პრობლემისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დაეყენებინა, მსოფლიო ალაპარაკდა საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფდა ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარების ცნებამ ფართო აღიარება გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს ჰპოვა, 1987 წელს, გარემოს და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში ,,ჩვენი საერთო მომავალი’’. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს მდგრადი განვითარების საკითხებისადმი ყურადღება კიდევ უფრო გააქტიურდა. მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისათვის გამოიყენება გლობალური SDG ინდექსი, რომელიც გაიანგარიშება გაეროს, მსოფლიო ბანკის და სხვა ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემების, ასევე კვლევითი ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. სტატისტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. ვინაიდან მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური მონიტორინგისათვის საჭიროა ზუსტი, სრულყოფილი და დროული სტატისტიკური მონაცემები. მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ უსვამს ხაზს ქვეყნების მიერ სანდო მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობას, მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ თავიანთი სტატისტიკური შესაძლებლობები, ვინაიდან სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები აუცილებელია პოლიტიკოსებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პროგრესის შესაფასებლად. ამდენად, მდგრადი განვითარები მიზნების გლობალურ დონეზე შესასრულებლად საჭიროა ამ პროცესში თითოეული სახელმწიფოს ჩართულობის გაძლიერება, ხოლო ეროვნულ დონეზე სახელმწიფოს სამთავრობო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა. ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ არც ერთ ქვეყანას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მდგრადი განვითარების გლობალურ გამოწვევებს.
The 2023/24 Human Development Report will be launched on 13 March, 2024
ბარათაშვილი ე., მახარაშვილი-ბარათაშვილი ი., ზარანდია ჯ., მდგრადი განვითარების საკითხისათვის თსუ- კონფერენციის მასალები URL: https://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&arq=1
მდგრადი განვითარების ანგარიში 2021: მიმოხილვა და საქართველოს შედეგები, SDGResults-GEO.pdf
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, 1996 წლის 10 დეკემბერი, მუხლი 4