2023 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები და ეკონომიკური ზრდა“ გაიმართა.
კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ: "ევროპის უნივერსიტეტი" (თბილისი); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი); სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე); სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი (თბილისი)
კონფერენციის მუშაობაში 60-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენა, გამოცდილებებისა და კვლევის შედეგების გაცვლა და გაზიარება გახლდათ.
კონფერენციამ უზრუნველყო ეკონომიკური მეცნიერების მრავალდარგოვანი პლატფორმა მკვლევარებისა და პრაქტიკოსებისთვის, უახლესი ინოვაციების, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების, პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.
მომხსენებლებმა ადამიანურ კაპიტალთან, ინსტიტუციურ განვითარებასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული პრობლემატიკა განიხილეს. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა სექციებში განაგრძო.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, შედეგები შეჯამდა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნებოდა მეცნიერების საერთაშორისო დღე, რომელსაც აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა.