ქუთაისის უნივერსიტეტში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩატარდება
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო ლექცია ჩატარდება.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და დანაშაულია. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც ხშირად შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.
საჯარო ლექციას ჩაატარებს: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსი ნათია წივწივაძე და ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსი სოციალური მუშაკი მზევინარ ღაჭავა.
საჯარო ლექციის ფარგლებში მიწოდებული იქნება ინფორმაცია ტრეფიკინგის, როგორც დანაშაულის და მისი ფორმების, ტრეფიკინგის საფრთხეებისა და დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ, ასევე საქართველოში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების შესახებ.
საჯარო ლექცია ჩატარდება: ქუთაისის უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში (მის.: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, მეორე სართული).