27 ოქტომბერს, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით ონლაინ ვორქშოპი ჩატარდა, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობდა.
ვორქშოპი ითვალისწინებდა ონლაინ-თანამშრომლობითი საერთაშორისო სასწავლო პლატფორმის გაცნობას კავკასიის რეგიონში მოქმედი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (COIL/ Collaborative Online International Learning). სწავლების ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თანაბრად ჩაერთონ ონლაინ-სასწავლო პროცესში. ის ორიენტირებულია გუნდური მუშაობისათვის აუცილებელ გარემოზე, რომელშიც ორი სხვადასხვა კულტურის და ეროვნების მქონე ლექტორი ერთობლივად შეიმუშავებს სტუდენტთან თანამშრომლობით სწავლებაზე ორიენტირებულ სილაბუსს აკადემიური სემესტრის 4-8-კვირიანი კურსისათვის.
აღნიშნული არაკომერციული სასწავლო მოდელით მნიშვნელოვნად შემცირდება ადმინისტრაციული სირთულეები, რადგან პლატფორმის ეფექტურობისთვის საკმარისია უკვე აპრობირებული სასწავლო ონლაინ-სისტემები.
წარმოდგენილი საერთაშორისო პორტალი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებთან ერთად, ზრდის სტუდენტთა მოტივაციას, ჩაერთონ მომავლის პედაგოგიკაზე ორიენტირებულ პროექტებში.