ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი - გიორგი დათუაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის დეკანი - თეონა გრიგოლაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი - მიხეილ გაგოშიძე, აშშ-ის საელჩოს მიერ ინიცირებულ პროექტში - "უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა", მონაწილეობენ.
პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებაა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა მიდგომებს, ფონდების მოძიებისა და კვლევის კომერციალიზაციის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთი წლის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდება: ონლაინ ვებინარების სერია, ორკვირიანი სასწავლო ვიზიტი აშშ-ში და ერთობლივი პროექტები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მიღებული ცოდნის მიხედვით შეიმუშავებენ.