ქუთაისის უნივერსიტეტს სამეცნიერო კვლევების და ერთობლივი პროექტების განხორციელების ფარგლებში ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) წარმომადგენლობა ეწვია.
შეხვედრა ოფიციალურ ფორმატში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრას ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ ბრნოს უნივერსიტეტის დელეგაციამ ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო ბაზები, სამედიცინო ლაბორატორიები და სტუდენტური სივრცეები დაათვალიერა.
"გვაინტერესებს რეგიონის რესურსები ყველა სფეროში და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო მიმართულებით. საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩვენი პრიორიტეტია და ვფიქრობთ, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განვიხილოთ“, - განაცხადეს ბრნოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა.
"მენდელის უნივერსიტეტის შესახებ აქამდეც ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ მრგვალ მაგიდასთან კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რაში შეიძლება ჩვენი წარმატებული კოლაბორაცია შედგეს და რა საერთო ინტერესები გვაქვს. გამომდინარე იქედან, რომ ამ უნივერსიტეტს ძლიერი ეკონომიკური სკოლა აქვს, ჩვენი საუბარი სწორედ თანამშრომლობის უფრო მაღალ ფაზაში გადავა, რაც ერთნაირად სასარგებლოა სტუდენტების და სამეცნიერო წრეებისთვის“, - განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა.
"ჩეხმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის და ინფრასტრუქტურის მიმართ. აღნიშნეს, რომ სტუდენტები ასეთ ლაბორატორიებში, პრაქტიკულ მოდელზე დაფუძნებულ განათლებას მიიღებენ და ჩვენთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ, ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა გაგრძელდება, რაც გულისხმობს გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო კვლევებს. აღნიშნული ეფექტური იქნება როგორც ჩვენი სტუდენტების, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის“, - განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ.
აღსანიშნავია, რომ მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში, ჩეხეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არაერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და წარმატებით ახორციელებს გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებს Erasmus+ ის პროგრამით.