ქუთაისის უნივერსიტეტს სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარი გაბრიელ რობინუ ესტუმრა.
"2008 წლის კონფლიქტის შედეგები და საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდგომარეობის აღქმა, რუსეთთან და ევროკავშირთან მეზობლობის პირობებში“, ეს ის თემაა რომელსაც მკვლევარი ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციიდან 101-ე წლის გასვლის აღსანიშნად განხორციელდა.
"ეს იყო განსაკუთრებულად ემოციური შეფასებები და ხედვა, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, ბევრად უფრო ფასეული, ვიდრე მეცნიერული. ვფიქრობ, აქ მეტია საზოგადოების ნამდვილი სათქმელიც და დამოკიდებულებაც“, - აღნიშნა გაბრიელ რობინუმ.
კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, სტუდენტთა გამოკვეთილი ინტერესების მიხედვით, ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ასევე საჯარო ლექცია - „რუსული ოკუპაციის და ანექსიის ისტორია საქართველოში“, გაიმართა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ოფიციალური მოწვევით განხორციელდა.