ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, RURD (609741-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) „უნივერსიტეტების როლი რეგიონალურ განვითარებაში“ ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-4 მაისს კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გოჩა თუთბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებსა და ძირითად შედეგებზე, ფინანსურ და ადმინისტრაციულ, ადგილობრივ ხელისუფლებსა და უნივერსიტეტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პლატონ კალამახელიძე ესწრებოდა, რომელიც მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების კუთხით.
3 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს სწავლის დაფინანსების მოდელების განხილვა წარმოადგენდა. სხდომა უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა გახსნა.
უნივერსიტეტების რექტორებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და სავარაუდო ვერსიებზე შეთანხმდნენ.
Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში _RURD“, მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.