2020 წელი ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც
კორონავირუსის პანდემიის წელი. მისი შედეგები, ხანგრძლივობა და გავლენა მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე ჯერ კიდევ გასააზრებელია, შესაბამისი დასკვნები
კი - გამოსატანი. თუმცა უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ეპიდემია არ
უნდა განვიხილოთ როგორც უბრალოდ ფორს-მაჟორი. კორონავირუსის ეპიდემიამ წარმოაჩინა, ერთი მხრივ, ბაზრის
ყოვლისშემძლეობაზე ლიბერტანიული შეხედულების სრული აბსურდულობა, და მეორე მხრივ,
ამის საპირისპიროდ - სახელმწიფოს
ეკონომიკური როლის მასტაბილურებელი და მაორგანიზებელი ფუნქციის მნიშვნელობა. რასაც ახლა აქვს ადგილი
სახელმწიფოს როლსა და ფუნქციებთან მიმართებაში, შეიძლება ხატოვნად „უძღები შვილის დაბრუნების“ შებრუნებული ვარიანტიც კი ვუწოდოთ, ან - „მეფე ლირის შემობრუნება“, რომელიც
თანდათან იბრუნებს თავის დროზე ბაზრისათვის „ნებაყოფლობით“ გადაბარებულ ფუნქციებს.
აღნიშნულმა კრიზისმა წარმოაჩინა აგრეთვე გლობალური მასშტაბით
მოთხოვნა-მიწოდების პარადიგმის არაეფექტურობა ჯანდაცვის და კერძო ჰოსპიტალურ ქსელებში, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ გლობალურ პანდემიასთან პირისპირ აღმოჩენის პირობებში. ჯანდაცვა, როგორც საბაზრო პროდუქტი, ფაქტობრივად ჩავარდა. - და ეს მიუხედავად იმისა,
რომ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები თავიანთი ეროვნული პროდუქტის მნიშვნელოვან
ნაწილს ჯანდაცვაზე მიმართავდნენ.
კორონავირუსით გამოწვეულმა
კრიზისმა საფუძვლიანად გადააფასა, ფაქტიურად კი დაასამარა ნეოლიბერალური შეხედულება,
ბაზრის ყოვლისშემძლეობის შესახებ. უფრო მეტიც, ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი ეკონომისტი
უფრო შორს წავიდა და ამჟამინდელი პროცესები საბაზრო ეკონომიკის დასამარების დასაწყისადაც
კი მიიჩნია. მისი მასშტაბურობის გათვალისწინებით ზარალის, ეკონომიკური
დანაკარგების სიდიდე საკმაოდ შთამბეჭდავია, რომლებთანაც გამკლავება შეუძლებელია კორპორაციების
დონეზე - ეს მხოლოდ ყველა სახის რესურსის ერთიანი მიზნობრივი გამოყენებისა და მოქალაქეთა
ქცევის ერთიანი წესის განმსაზღვრელ ინსტიტუციას - სახელმწიფოს ძალუძს. მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართოს დაახლოებით 2.3 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის თითქმის 11
პროცენტია.
ანალოგიური ზომების ღებულობენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ავსტრალიაში კორონავირუსის პანდემიით
გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საგადასახადო-საბიუჯეტო ზომების მთლიანი პაკეტის ღირებულება
ამ ქვეყნის ეროვნული პროდუქტის 9.7%-ია, კანადაში - 6.0%, იაპონიაში - 4.9%, ყაზახეთში
- 3.4%, გაერთიანებულ სამეფოში - 2.5%, ჩეხეთში - 2.0%.
სახელმწიფოთა
ასეთი გულუხვობის მიზეზი ეკონომიკის
საგრძნობი დაცემაა. - მსოფლიოს
წამყვანი ქვეყნები 2019 წლის დონის აღდგენას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის
შეფასებით, 2021 წლისთვისაც ვერ შეძლებენ.
კორონოკრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა
მედიცინისა და ეკონომიკის, ლოჯისტიკისა და მთლიანად, მართვის სფეროში მკაფიოდ დაგვანახა,
რომ:
ჯერ ერთი, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყვნენ ძლიერნი, ადეკვატურნი და ეფექტიანი თავიანთ ქმედებებში; მათ უნდა ჰქონდეთ მოვლენათა რამდენიმენაირი სცენარით განვითარებაზე ადეკვატური გეგმა და რაც შეიძლება სწრაფი რეაგირების რესურსი;
მეორე, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საკმარისი რეზერვები - როგორც მედიკამენტების, ისე პირველადი მოხმარების საგნებისა და სურსათის, თანაც როგორც საგანგებო, ისე ნორმალური მდგომარეობისათვის
და
ამაზე
არსებითად უნდა გაუმჯობესდეს აღნიშნული რეზერვების ფორმირებისა და გამოყენების მონიტორინგი;
და მესამე, სახელმწიფოს ინსტიტუციური პასუხისმგებლობა უნდა
ეფუძნებოდეს შესაბამის ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც არა მარტო განახორციელებს
ზემოხსენებულ მონიტორინგს, არამედ თავად იქნება პროცესების პრევენციის, ფორს-მაჟორულ
ვითარებაში კი მათი მართვისა და კრიზისის დაძლევის ორგანო.
აღნიშნულმა
ვითარებამ, კორონაკრიზისით ეგზისტენციური გამოწვევების
პირობებში არსებითად გაზარდა
სახელმწიფოთა როლი და მნიშვნელობა და ფაქტობრივად მათი „რენესანსი“ გამოიწვია. კრიზისმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ისიც, რომ
სახელმწიფო რჩება „ბოლო
იმედის კრედიტორად“,
რადგანაც მხოლოდ მას შესწევს უნარი, წინ აღუდგეს კრიზისს ყველა ასპექტით - სამედიცინო,
ეკონომიკური, სოციალური, ხელი შეუშალოს ეკონომიკის უკონტროლო და მასშტაბურ
ვარდნას, რეცესიის დეპრესიაში
გადაზრდას.
სახელმწიფომ უმოკლეს დროში დაიბრუნა ეკონომიკის მართვის „პირველი ვიოლინოს“ სტატუსი იმით, რომ
მოახდინა ბიზნესის, საქონლისა და ადამიანების გადადგილების თავისუფლების შეჩერების
დემონსტრირება, წავიდა, ყველა სხვა წინა კრიზისისაგან განსხვავებით, ეკონომიკის
მიზანმიმართულ შემცირებაზე; არ დაიხია უკან იმაზეც, რომ მთელი ეკონომიკური საქმიანობა საკმაო ხნით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა - ნორმალური,
ჩვეული ცხოვრების სტილთან და რიტმთან დაბრუნების ბუნდოვანი დაანონსების და
დაპირების იმედად, დაუკავშირა რა ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი პანდემიის
ეპიდემიოლოგიური პიკისა თუ „პლატოს“ გადავლას.
ყოველივე ამან
ბაზრის ყოვლისშემძლებლობის იდეას, რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიაყენა.
ამ ფონზე უკვე გამოიკვეთა იმის კონტურები,
რომ პოსტპანდემიურ პერიოდში სახელმწიფოს
წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიმყარებს პოზიციებს, წინა პლანზე გამოვა
დასაქმების, მინიმალური გარანტირებული
შემოსავლების, ერთიანი ინტერნეტ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფორმირების,
ხოლო ეკონომიკის ზრდის/შემცირების ნაცვლად - მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების სტაბილურობის საკითხი. მთავრობებს მოუწევთ სხვადასხვა მოდელის
აპრობირება პროგრესული გადასახადების უფრო დახვეწილი ფორმების შემოღებისა
(საქართველოსთან მიმართებაში - საერთოდ, შემოღებისა) და გარანტირებული საბაზისო შემოსავლების დასანერგად, მით უფრო, რომ
პოსტკორონავირუსულ პერიოდში მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია სოციალური უთანაბრობის
ზრდა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო
ძალაზე მოთხოვნის შემცირების პირობებში სოციალურ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა
მნიშვნელოვნად გაიზრდება, ქვეყნების მთავრობებს მოუწევთ მეტი სახსრების გაღება
სახელმწიფოთა შინაგან სტაბილიზატორებზე -
მედიცინაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, რაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს
უფრო ჰუმანურს, სოციალურს და კლასობრივი კუთხით, არ მომერიდება ამის თქმა, უფრო
სოციალისტურად შეფერილს გახდის.
მაგრამ სახელმწიფოს
ავტორიტეტის ზრდა არ შემოფარგლულა ქვეყნისშიდა ფუნქციების ზრდით. - მან საგარეო ურთიერთობების
სფეროშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: - ეროვნული სახელმწიფოები თანდათან იბრუნებენ საზღვრებსა და
ადრე ზესახელმწიფო ამორფული სტრქტურებისათვის „ნებაყოფლობით“ გადაცემულ უფლებამოსილებას.
მთლიანობაში, როგორც ეკონომიკურად, ისე
ფუნქციონალურად ძლიერი სახელმწიფოს აუცილებლობას თავად ცხოვრებისეული დიალექტიკა
განაპირობებს: კორონოვირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი,
მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება შესაბამისი ეფექტიანი ანტიკრიზისული ნაბიჯების,
„უსაფრთხოების ბალიშის“ გარეშე აუცილებლად გამოწვევს სოციალურ პროტესტს,
ტურბულენტურ პროცესებს საზოგადოებაში. მეორე მხრივ კი, ამგვარი პრობლემებისადმი
გამკლავება (როგორც ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული მეთოდებით), მხოლოდ
სახელმწიფოს, კერძოდ, ძლიერ სახელმწიფოს ძალუძს.
ძლიერი სახელმწიფო იმიტომაცაა აუცილებელი,
რომ აიცილოს პოლიტიკური ქაოსი არა მარტო ქვეყანაში, არამედ საერთაშორისი
მასშტაბითაც, რის მაღალ ალბათობაზე მიუთითებდა მსოფლიო პოლიტიკის პატრიარქი,
„ბებერი მოჯაჰედინი“ ჰენრი კისინჯერი თავის ინტერვიუში ჟურნალისთვის The Wall
Street Journal.
მაგრამ ამ პოზიტიური
ტენდენციების პარალელურად აუცილებელია დავინახოთ გარკვეული საფრთხეებიც, რაც სახელმწიფოს სტატუსისა და ფუნქციების გაძლიერებას შეიძლება
მოყვეს. კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოება ფაქტობრივად, არჩევანის გაკეთების
წინაშე დააყენა: სასწორის ერთ პინაზე დაიდო
მოქალაქეთა უფლებები, საზოგადოების წევრთა თავისუფლება, მეორეზე კი - ოჯახებისა
და პიროვნების პირად ცხოვრებაში, საქმიანობასა და ყოფაში სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების
არასანქცირებული უცერემონიო შეჭრის, „შეჭყეტვის“,
თვალთვალის ტოტალიტარული კონტროლი, რაც მას (- სახელმწიფოს) ადამიანთა განწყობისა და ქმედებების
მანიპულაციის ფართო შესაძლებლობებს აძლევს.
ხელისუფლება პანდემიამდეც ცდილობდა თავის
მოქალაქეებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვებას. შეუიარაღებელი თვალითაც
კი ჩანდა, რომ პრივატული სივრცე მთელ მსოფლიოში შაგრენის ტყავივით ვიწროვდებოდა:
ქვეყნები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ
თვალთვალის სხვადასხვა მექანიზმების განვითარებაში, მოსახლეობის ერთსა და
იმავე რაოდენობაზე სათვალთვალო კამერების რაოდენობით. თუმცა კორონავირუსის
პანდემიამ ყოველი ქვეყნის ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსნა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის
დეკლარირების ფონზე ადამიანთა პირად
ცხოვრებაში შეჭრისა და მათზე თვალთვალის განსახორციელებლად
სრული კარტ-ბლანშის აღება მოინდომა. - შექმნილი სიტუაცია ხომ ხელისუფლებას
საშუალებას აძლევს „საბრძოლო“ ვითარებაში გამოსცადოს მოქალაქეებზე თვალთვალის
სხვადასხვა ტექნოლოგიების ეფექტიანობა. მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე
იძლევიან ადამიანთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას არა მარტო თითების ანაბეჭდებითა
და სახით, არამედ (რადგანაც კორონავირუსის პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილი
პირბადეებითა და ხელთათმანებით მოძრაობს) ... სიარულის მანერითაც კი. ეპიდემიის
წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე მოახდინა ისეთი
აპლიკაციების ტოტალური დანერგვა, რომლებიც აკონტროლებენ ადამიანთა მოძრაობებს,
კონტაქტებს; დღის წესრიგში დგას ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასა და ემოციებში
მაქსიმალური შეჭრა და პიროვნების ჯანმრთელობასა (წნევისა და ტემპერატურის მუდმივი
მონიტორინგი) და მის განწყობებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები, აქედან
გამომდინარე, ფართო პროფილის დასკვნების გაკეთებისა და ამ მდგომარეობისა და
ემოციების პროგნოზირებისა და მანიპულირების შესაძლებლობებით.
მაგრამ, შეხვდება კი კორონავირუსთან ბრძოლის ფორმატით
განხორციელებულ საკუთარი თავისუფლების დიდი ნაწილის ხელყოფას მოქალაქეთა უმრავლესობა,
ხუთგზის ოსკაროსანი ცნობილი ჰოლივუდური ფილმის სახელწოდებას რომ დავესეხოთ, კრავთა დუმილით?! აშკარაა, რომ კაცობრიობას
ფაქტობრივად უბიძგებენ ცუგცვანგისაკენ: დათანხმდეს ან საბაზო უფლებებისა და გადაადგილების, შეკრებების, სამეწარმეო საქმიანობისა
და ა.შ. თავისუფალების შეზღუდვას, ან მათი
შენარჩუნებისათვის შეელიოს საკუთარი პერსონალური მონაცემების ანონიმურობას...
ავტორი:
იოსებ არჩვაძე
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი
გამოყენებული
წყაროები:
1. Senate approves
historic $2 trillion stimulus deal amid growing coronavirus fears. – March 26, 2020;
2. IMF World
Economic Outlook, April, 2020;
3. The
Coronavirus Pandemic Will Forever Alter the World Order. – WSJ, 3.04.2020.
4. იოსებ არჩვაძე. "პანდემიამ მსოფლიოს „დამწვარზე მდუღარე დაასხა“. – „საქართველოს რესპუბლიკა“, 26
მარტი, 2020 წ.
5. იოსებ არჩვაძე. რატომ აღმოჩნდნენ კორონოვირუსის გამო
მომგებიან მდგომარეობაში მსხვილი ფინანსური ბიზნესკორპორაციები და როგორ კარნახობენ
თავიანთ პირობებს სახელმწიფოებს. “თბილისელები” N15, 6-12.04.2020 (ინტერვიუ);
6. იოსებ არჩვაძე. დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი სერიოზული
შანსია ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის.
– interpressnews.ge, 5.05.2020 (ინტერვიუ);
7. ნოდარ ჭითანავა: განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს! - Iverioni.com.ge,
27.03.2020
8. Кудрин
поддержал увеличение
расходов на медицину до 10% ВВП. – rbk.ru, 21.04.2020
9. Лидеры G7 назвали пандемию COVID-19 «глобальным кризисом здравоохранения», rbk.ru, 16.03.2020
10. Эксперты заявили о недооценке властями масштабов кризиса из-за вируса Они предложили назвать ожидаемый обвал экономик «матерью всех рецессий». Рбк.ру, 8.04.2020.