კორონავირუსის (COVID-19) პანდემია ჩვენი დროის ჯანმრთელობის გლობალური კრიზისია, თუმცა გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, მას შეუძლია ღრმა ნაიარევი დატოვოს გამანადგურებელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების სახით. ეს არის უპრეცედენტო გამოწვევა, რომელიც
რადიკალურად ცვლის მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების და ეკონომიკურ დღის წესრიგს.
პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით მძაფრად ისახება
რიგ მოწყვლად ჯგუფებზე. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს,
ამიტომ პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოებისთვის,
ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს
არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის დამანგრეველი
შედეგებისგან, რაც ერთმნიშვნელოვანს ხდის თითოეული მოწყვლადი ჯგუფის მიმართ
მაქსიმალური ყურადღებისა და გადაუდებელი, ადეკვატური ღონისძიებების გატარების
აუცილებლობას. შექმნილი ვითარების სიმძაფრიდან და თავად დაავადების თვისობრიობის
სპეციფიკიდან გამომდინარე, დღეისათვის განსაკუთრებით ყურადსაღებ ჯგუფს წარმოადგენს
ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტები (Alzheimer's Desease – AD). იმისათვის, რომ სიღრმისეულად
და თვალნათლივ დავინახოთ AD-ჯგუფის მიმართ COVID-19 პანდემიით
გამოწვეული ვითარების ძლიერი უარყოფითი შემხებლობა, გავეცნოთ მოკლე მიმოხილვას ამ
დაავადების არსის, თავისებურებებისა და მახასიათებლების შესახებ.
ალცჰეიმერის დაავადება წარმოადგენს ნეიროდეგენერაციულ დაავადებას, AD ხანდაზმულებში, უპირატესად 65 წლის ასაკის შემდეგ, იწვევს კოგნიტიური და ქცევითი ფუნქციების პროგრესირებად გაუარესებას [1]. ნაკლებად არის გავრცელებული AD-ის ის ფორმა, რომელიც უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება. ამ დაავადების მქონე ინდივიდებს აღენიშნებათ მეხსიერების დეფიციტი, ხოლო ამ ინდივიდების ტვინის ჰისტოლოგიური კვლევებით გამოვლენილია ნეირონთა დეგენერაცია, ასევე უჯრედშიგა ნეიროფიბრილური გორგლებისა და უჯრედგარეთა β-ამილოიდური გროვების წარმოქმნა.
დღეისათვის AD–ს მკურნალობისათვის
ძირითადად იყენებენ ქოლინესთერაზა ინჰიბიტორებსა და NMDA ანტაგონისტებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით უახლოეს მომავალში AD-მ შესაძლოა გადააჭარბოს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი ან კარდიოვასკულური დარღვევები, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მილიონობით დაავადებულთათვის, მათი ოჯახებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის. 65 წლის ასაკამდე განვითარებულ AD-ს მიაკუთვნებენ ადრეულ ფორმას და AD-ის შემთხვევათა მხოლოდ 10%-ს შეადგენს. უმეტეს შემთხვევაში ეს ფორმა დაკავშირებულია მემკვიდრეობით მიღებულ აუტოსომურ-დომინანტურ გენურ მუტაციებთან, AD-ის ამ ფორმას ოჯახურ ფორმას მიაკუთვნებენ. AD წარმოადგენს ისეთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ კოგნიტიური უნარების შესუსტებას, არამედ სხვა არაკოგნიტიური სიმპტომების წარმოქმნას (როგორიცაა, ფსიქოზები, დეპრესია, აპათია) და დარღვევებს, რომლებიც აუარესებენ ყოველდღიურ ყოფას [2].
ალცჰეიმერის დააავადების ზემოთ მოცემული სპეციფიკურობიდან გამომდინარე AD- პაციენტებში გაძნელებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების სრულფასოვანი დაცვა, როგორიც არის მაგალითად: ხელების ხშირი დაბანა, ხველისა თუ ცემინების დროს ჰიგიენური ნორმების დაცვა, თვითიზოლაციისა და ფიზიკური დისტანცირების დაცვა და ა.შ. [3] გარდა ამისა AD- პაციენტების მიერ, დემენციისათვის დამახასიათებელი ხანმოკლე მეხსიერების დაღვევების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ რეკომენდაციების დამახსოვრებაც კი. ასევე დაავადებისათვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული აპათია და დეპრესია ცალსახად აქვეითებს პაციენტის სურვილსა და მზაობას რიგი რეკომენდაციების შესრულებისა და დემენციისთვის დამახასიათებელი ქცევით და ფსიქოლოგიური სიმპტომებმა (Behavioral And Psychological Symptoms In Dementia - BPSD), როგორიცაა შფოთვა, აკვიატება ან არამიზანმიმართული ხეტიალი, შეიძლება შეაფერხოს აუცილებელი იზოლაციის მცდელობები. მიუხედავად COVID-19– ის შედეგების შეფასებების მიმართ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა და მთელი რიგი გაურკვევლობებისა, ასაკი და თანმდევი დაავადებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასოცირდება ცუდ პროგნოზთან [4] [5] [6]. ამის ნათელი მაგალითია იტალიაში შექმნილი ვითარება, სადაც კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების მესამედზე მეტი და ყოველი 10 გარდაცვალების შემთხვევიდან დაახლოებით 9 მოდის 70 წელს გადაცილებულ მოხუცებზე [7] . ხაზგასასმელია , რომ ასაკის მატებასთან ერთად, AD– პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგანაც AD– თან ასოცირდება ფიზიკური თანმდევი დაავადებები და AD– ის რიგი სხვა მახასიათებლები. დემენციის მქონე პაციენტებში გაცილებით მაღალია მაჩვენებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტისა და პნევმონიისა, ვიდრე ამავე ასაკის ადამიანებში, დემენციის გარეშე [8]. ჩინეთში ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19-ის 1099 შემთხვევიდან, პნევმონია განვითარდა 90% -ზე მეტ შემთხვევაში [9]. ხოლო, არაპანდემიურ პერიოდში პნევმონიის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია დემენციის მქონე პაციენტებში, ვიდრე დემენციის გარეშე პირებში [10], ასევე AD– ს მქონე პაციენტები ნოზოკომიური ინფექციის ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირთა რიცხვში შედიან.
COVID-19– ისათვის დამახასიათებელი შემთხვევების განსაკუთრებულად სწრაფი ზრდა, დიდი სამედიცინო მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზების აუცილებლობიდან გამომდინარე , რათქმაუნდა გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე [11] და შექმნილ ვითარებაში შესაძლოა დადგეს ქრონიკული პაციენტებისა და მათ შორის განსაკუთრებით AD- ის პატრონაჟის შესუსტება მათკენ მიმართული რესურსების კოვიდ პაციენტებთან გადაქაჩვის გამო. პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ექიმები გადავიდნენ დისტანციურ კონსულტაციებზე (სატელეფონო, ვიდეო-საუბრები), რომელიც რათქმაუნდა ვერ იქნება საკმარისი ნევროლოგიური და განსაკუთრებით AD- ის პაციენტების შემთხვევაში, რადგანაც ნევროლოგიური გამოკვლევები, სადიაგნოსტიკო კოგნიტური ტესტების ჩატარება, დაავადების პროგრესირების სრულყოფილი მონიტორინგი, რომელიც აუცილებელია AD- ის დიაგნოზირებისთვის და პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა შეუძლებელია განხორციელდეს კონსულტაციების დისტანციური ფორმით, რადგანაც აუცილებელია უშუალო კონტაქტი პაციენტთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიაგნოზი და მკურნალობა შეიძლება არაზუსტი ან დაგვიანებულიც კი იყოს.
ხშირია ანტიქოლინესთერაზასა ინჰიბიტორების და მემანტინის (NMDA რეცეპტორის არაკონკურენტული ანტაგონისტის) გამოყენება AD– ს მქონე პაციენტებში. იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები (ბრადიკარდია, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, ინსულტი), რომლებიც დაკავშირებულია AD -ს სამკურნალოდ გამოყენებულ ამ მედიკამენტებთან, განაპირობებს მათი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიღების აუცილებლობას, შესაბამისად ნებისმიერი გამოტოვებული ვიზიტი ექიმისა შესაძლოა ასოცირებულ იქნეს მოსალოდნელ გართულებებთან.