ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქალაქების ეკონომიკა და პანდემიის გამოწვევები

ქალაქების ეკონომიკა და პანდემიის გამოწვევები

ნიკოლოზ  ჩიხლაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კრიზისული ნაბიჯების ათვლა და პირველი შედეგები

 

2020 წელი შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. კორონავირუსის პანდემიამ (COVID-19) ორი ფრონტით შეუტია ადამიანს: ჯანმრთელობისა და სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის შესაძლებლობათა დაკნინების კუთხით. ამ უკანასკნელს ხატოვნად და მორგებულად უწოდეს „კორონომიკა“, რომელიც ფაქტობრივად დამკვიდრდა სამეცნიერო მიმოქცევაში.

დღევანდელი მსოფლიო, ფაქტობრივად, აქამდე არნახულ და უჩვეულო ომშია ჩაბმული - მასში 3-ჯერ მეტი სახელმწიფო მონაწილეობს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში. მსოფლიო ეკონომიკა დიდწილად კვლავ დაპაუზებულია - შემცირებულია გლობალური მოთხოვნა და გლობალური მიწოდება, ზარალი ათეულ ტრილიონობით დოლარს აღწევს. გაიზარდა უმუშევრობა. უკვე პირველი კვარტლის ბოლოს მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ შემცირდა. [1]

კორონომიკის ყველაზე დიდ პრობლემად კვლავ  არაპროგნოზირებადობა რჩება. კორონომიკის პრობლემებს არაერთი ქართველი მეცნიერის შრომა მიეძღვნა. [2] განვლილ პერიოდში სხავასხვა ქვეყნები პანდემიის პირობებში ეკონომიკის მხარდაჭერის განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ. თუმცა ფორსმაჟორულ ვითარებაში ღონისძიებათა დიდი ნაწილი ნაჩქარევად წარიმართა.

ზოგიერთი ნობელიანტი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ პანდემია უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდები. შესაბამისად, საჭირო იქნება მეტი სტიმულირება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების მიერ COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში მიღებული ფისკალური და მონეტარული ზომების ჯამურმა ღირებულებამ მსოფლიოს მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) მეათედს მიაღწია.[3] მათი აზრით, ეს ფული მხოლოდ გაახანგრძლივებს ბევრი ფირმის სიცოცხლეს და არ იხსნის მათ.[4]

სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ საქართველოში განსხვავებული სცენარების პროგნოზები გაკეთდა. მათი დიდი ნაწილი, ბუნებრივია მოიცავდა მსპ-ის ზრდის პროგნოზის შეფასებას. [5]

განვლილი ხუთი თვის შედეგები სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიხედვით ასეთია:

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მსპ-ის კლებამ 13.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4%-ია (იხ.ნახ.1).

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.[6]

2020 წლის იანვარი-მაისში 16,8%-ით შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტი 16,2%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით შემცირდა)[7]

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის I კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ პერიოდზე 41.7%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.[8]

ნახაზი 1

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2020 წელი წინა წლის

შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)

სამართლიანად მიიჩნევენ, რომ  არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში 26.8%-ით (28.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში მყოფი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ. [9]

ნიშანდობლივია, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, წინასწარი პროგნოზით, საქართველოს სახელმწიფო ვალი წელს დაახლოებით 8 მლრდ. ლარით გაიზრდება, ხოლო მისი ჯამური მოცულობა 27 მლრდ. ლარსა და მშპ-ის 55%-ზე მეტს მიაღწევს, რითაც კრიტიკულ 60%-იან ზღვარს მიუახლოვდება.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული. [10]

ნახაზი 2

შემოსავლები ტურიზმიდან და გზავნილები 2014-2019 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)


საქართველოში ტურიზმი ყველაზე მნიშვნელოვნად დაზარალდა, რაც აისახა როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე ცალკეული რეგიონებისა და ქალაქების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტურიზმის პირდაპირი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 8% იყო. ეს არის შპ-ის დაახლოებით, 4-დან 4,2 მლრდ. ლარამდე, ხოლო ტურისტების მიერ დახარჯული თანხის სიდიდით ეს დაახლოებით, 10 მლრდ. ლარზე მეტია (იხ.ნახ.2). შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტურიზმი ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის და ნეგატიური მოვლენებისადმი საკმაოდ მოწყვლადი სფეროა.

 

ქალაქების ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება პანდემიურ პერიოდში

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში იზრდება ქალაქებში მცხოვრებთა რიცხოვნობა და 2050 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ზე მეტი ქალაქებში იცხოვრებს. [11] ქალაქებში ცხოვრების შედარებით მაღალი დონე პანდემიასთან ბრძოლის მეტ შესაძლებლობებსაც განაპირობებს.

ქალაქების COVID-19-ის კრიზისთან ბრძოლის მიმდინარე გამოცდილებამ გამოავლინა შემდეგი ღონისძიებების აუცილებლობა:

-         კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მისი ინფორმირება;

-         სამუშაო ადგილას და სამუშაო ადგილამდე მისვლის სქემების არსებობა;

-         სოციალური დისტანცია და შეზღუდვები;

-         მიზნობრივი ძალისხმევა დაუცველი ჯგუფებისათვის;

-         ადგილობრივი მომსახურებების მიწოდება, განსაკუთრებით წყლის მიწოდებისა და ნარჩენების გატანის;

-         ბიზნესის მხარდაჭერა და ეკონომიკის აღდგენის აუცილებლობა.  

აღნიშნულის მიუხედავად, ქალაქების შესაძლებლობები მაინც მოკრძალებულია დამოუკიდებლად, ფედერალური/ცენტრალურ ხელისუფლების გაფრეშე გაუმკლავდნენ COVID-19-გან გამოწვეულ კრიზისს. ამ უთანაბრობას სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს, მათ შორის სახელმწიფო მომსახურებათა გადანაწილება (მაგ., ჯანდაცვის სისტემა უფრო ცენტრალიზებისკენ არის გადახრილი), მოსახლეობის რიცხოვნობა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, საბიუჯეტო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა ადგილებზე. ამიტომ, დეცენტრალიზაციის დონის მიუხედავად, ქალაქებს მუშაობა უხდებათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან საერთოსახელმწიფოებრივი ღომნისძიებების ეფექტიანობის ასამაღლებლად ან კიდევ ადგილობრივი ღონისძიებების შესამუშავებლად. ტერიტორიული ერთეულების ტვირთს ძირითადად გადაიკისრებს ცენტრალური ხელისუფლება. COVID-19-ის პირობებში უმუშევართა რიცხოვნობის ზრდა უსათუოდ გააღრმავებს ტერიტორიულ და სოციალურ უთანაბრობას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე, მით მეტი იქნება ფინანსური დანაკარგები.[12]

COVID-19 კრიზისის პირობებში ეროვნულ მთავრობებთან ერთად საქალაქო ადმინისტრაციებმაც გარკვეული როლი უნდა შეასრულონ მცირე და საშუალო საწარმოების, როგორც განსაკუთრებით მგძნობიარე სექტორის ფინანსურ მხარდაჭერაში, განსაკუთრებით იმ საწარმოთა მიმართ, რომლებსაც ბიზნესის გაფართოების მეტი შესაძლებობები გააჩნიათ.

ვფიქრობთ საინტერესოა ის ღონისძიებები, რაც სხვადასხვა ქალაქებმა განახორციელეს ამ რთულ ვითარებაში კონკრეტული მიმართულებით - ბიზნესის მხარდასაჭერად. მიდგომები განსხვავებულია. რამდენიმე ქვეყანაში (მ.შ. აშშ-ში) მუშაობს მიდგომა, როცა დახმარება ეწევა ბიზნესს იმ პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ დასაქმებულებს, ხოლო მთავრობა დაფარავს ხარჯებს ბიზნესის შემოსავლის კლების პროპორციულად.

ქალაქი ბრაზილია (ბრაზილია) აუცილებელ საქონელს და კვების პროდუქტს აწვდის დახურულ სკოლებსა და სოციალურ დაწესებულებებს. ალკოჰოლის რეალიზაცია ხდება ავტობუსების მთავარ სადგურებში. მოქმედებს ონლაინ ჩათი. საქონლისა და მომსახურების ბრუნვიდან გადასახადი (ICMS) შემცირებულია. [13]

მადრიდის (ესპანეთი) საქალაქო საბჭომ დააწესა დაახლოებით 63 მლნ. ევროს საგადასახადო შეღავათები ეკონომიკური საქმიანობიდან გადასახადზე და  იმ სხვა გადასახადებზე, რომელიც ტურისტულ სააგენტოებს, დასასვენებელ ობიექტებს და უნივერმაღებს ეხებათ. მთავარი პირობაა, რომ ეს ობიექტები წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. შემცირდა ქალაქის პოლიტიკური აქტივობაც. [14]

ბილბაო სთავაზობს მსბ-ს კონსულტაციებს და კონკრეტული მხარდაჭერის ღონისძიებებს, მ.შ. სასწრაფო კონსულტაციებს. ყველა საგადასახადო პროცედურები გადაავადეს.[15]

ჯერ კიდევ მარტის მეორე ნახევრიდან მილანში (იტალია) 3 მლნ. ევროს მოცულობის ურთიერთდახმარების ფონდი შეიქმნა ყველაზე გაჭირვებულებისა და რისკის ქვეშ მყოფთათვის. შექმნის პირველ დღეს შემოწირულობებმა 800 ათასი ევრო შეადგინა. [16]

მონრეალი (კანადა) ფინანსურ მხარდაჭერას უხცადებს საწარმოებს. მოქმედებს „ცხელი ხაზი“ სადაც საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მხარდაჭერის შესახებ. ეს ღონისძიებები ასევე მოიცავს მუნიციპალური გადასახადების გადავადებას, განსაკუთრებულ საფინანსო დახმარებას და სხვა. [17]

ტოკიოში (იაპონია) მოახდინეს იმ დარგებში ფუნქციონირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის სუბსიდირება, რომლებიც  წარმართავენ ტელელესამუშაოებს ან ახდენენ პროგრამულ უზრუნველყოფას ტელესამუშაოებისათვის. ქალაქმა კრიზისით დაზარალებული მსბ-თვის დაამუშავა დაკრედიტების პროგრამა და შეთავაზა მათ უფასო კონსულტაციები.[18]

იოკოჰამაში შექმნილია სპეციალური საკონსალტინგო ოფისი მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. [19]

ნიუ-იორკის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერა გამოხატა მსბ-ის მიმართ, მ.შ. უპროცენტო სესხებით. კომპანიებისათვის, სადაც 100 კაცამდეა დასაქმებული და შემოსავლები 25%-ით შეუმცირდათ, 75 ათას დოლარამდე სესხის დაფარვის ვადა 15-20 წლით გაუხანგრძლივდათ.[20]

გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქვეყნების რეგიონები საკმაოდ მგძნობიარე ერთეულებია განსაკუთრებით რთული და საფრთხისშემცველი მოვლენების მიმართ. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების რეგიონებში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმფხვრას ხანგრძლივი პერიოდი დაჭირდა. ეთგოს და ევროკავშირის ქვეყნების რეგიონების 2/5-ში კრიზისისშემდგომი შვიდი წლის განმავლობაში  მოსახლეობის ერთ სულზე მსპ კრიზისამდე პერიოდის მაჩვენებელზე უფრო ნაკლები დაფიქსირდა. [21]

 

რა ხდება ჩვენს ქალაქებში?

ჩვენი აზრით, ეკონომიკური აქტივობის, დასაქმებისა და მოხმარების შემცირება ძირითადი საგადასახადო შემოსავლების შემცირების მთავარ მიზეზად იქცევა. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით იმოქმედებს საწარმოთა დასაბეგრ შემოსავლებზე, მ.შ. უპირველესად დღგ-ზე.

საგადასახადო შემოსავლებს ასევე შეამცირებს:

-         საგადასახადო შეღავათები ფირმების, ინდივიდების და საოჯახო მეურნეობებისათვის;

-         საგადასახადო არდადეგების დაწესება;

-         საგადასახადო პოლიტიკის სხვადასხვა კონტრციკლური  ღონისძიებები;

ფაქტობრივად ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ყველა პროგრამა და ღონისძიება  ფირმებსა და საოჯახო მეურნეობებზე ზეწოლის შემსუბუქებისაკენ არის მიმართული, რაც წარმოუდგენელია მათთვის სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე. ეს ბუნებრივია, შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს.

 ეკონომიკური აქტივობის და ტურისტული ვიზიტების შემცირების გამო ასევე კლების ტენდენცია დაფიქსირდება ადგილობრივ გადასახადებში და მოსაკრებლებშიც. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების დაბეგვრა, სამშენებლო, სარეკლამო, პარკირების მოსაკრებელი და სხვა (მაგ., უკრაინაში რამდენიმე თვით შეჩერდა ქონების და მიწის გადასახადის, ხოლო, იაპონიაში - ქონების გადასახადის მოქმედება). საფრანგეთში დღგ-ს შემცირებით რეგიონული ბიუჯეტები შემოსავლების 15%-ს დაკარგავენ.

ეკონომიკური აქტივობის შემცირებით იკლებს მომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებული („მიბმული“) მოსაკრებლებიდან შემოსავლები. ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ მასობრივი გამოყენების ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტა ან შეფერხებით მუშაობა (სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრანსპორტი).

სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებში მოსალოდნელია შემოსავლების მკვეთრი კლება. საქართველოს მსგავს მცირე და უკიდურესად ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის ქალაქებს ეს ალბათ განსაკუთრებული სიმძიმით შეეხება. პირველ რიგში უნდა ველოდოთ ძირითადი გადასახადებიდან შემოსავლების შეკვეცას. როგორც წესი, თვთმმართველობების უმთავრესი შემოსავლები ხშირად განისაზღვრება მიმდინარე წლის საქმიანობით (მაგ., გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზარდზე). ამიტომ, მომავალ წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დღგ-ის სახით მობილიზებულია 34 640,4 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტის ფაქტიური შემოსავლების 53,1% და საგადასახადო შემოსავლების 77,5%-ია. 2020 წლის გეგმით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დღგ-ის სახით განსაზღვრულია 35 368,1 ათასი ლარი, რაც გეგმიური საერთო შემოსავლების 65,4% და საგადასახადო შემოსავლების 79%-ია.

რთული მდგომარეობა მოსალოდნელია თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების შემდეგ მიმართულებებში:

-          დასუფთავების მოსაკრებლის მობილიზების კუთხით;

-         სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მობილიზების კუთხით;

-         კლება შემოსავალში ჯარიმებიდან და სანქციებიდან;

-         შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან.

გარდა ამისა, 2020 წლის პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე (სამი თვე) პერიოდში ქალაქებმა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადამყვანი (მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიები გაათავისუფლეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასისაგან.

არის სფეროები, სადაც მუნიციპალიტეტის წინაშე, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქირის გადახდის ვალდებულებები გაუქმდა, რაც ასევე ამცირებს ბიუჯეტის შემოსავალს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქ შემსუბუქების რეზერვებად მოიაზრება: ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების დიდი ნაწილი, ასევე მასშტაბური ღონისძიებების (გამოფენები, ფესტივალები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები და ა.შ.) და ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების შეჩერება.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსულობები კლების ტენდენციით ხასიათდებიან. 2019 წელს ამ დონის ბიუჯეტში ჯამურად შემოვიდა 3081,8 მლნ.ლარი, ანუ საშუალოდ თვეში 256,8 მლნ.ლარი. 5 თვეში შემოსულობებმა მხოლოდ 768,5 მლნ.ლარი შეადგინა, რაც წლიური საშუალოთვიური შემოსავლების (163,3 მლნ.ლარი) 103,1 მლნ.ლარიან ჩამორჩენას ნიშნავს (იხ.ცხრ.1). მართალია 2019 წლის შემოსავლებში ტურიზმის სეზონიც შედის მისი საბიუჯეტო ეფექტით, მაგრამ 2020 წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმის ჩამორჩენას თუ გავითვალისწინებთ, რაც ზემოთ გავაანალიზეთ, კვლავ მოსალოდნელია კლების ტენდენციის შენაჩუნება. 

ცხრილი 1

საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის

ფაქტობრივი შემოსულობები (მლნ.ლარი) [22]

პერიოდი

შემოსულობები

საშუალოდ თვეში

2019

3081,8

256,8

2020 (იანვარი-მაისი)

768,5

153,7

 

            ანალოგიურად, რთული მდგომარეობაა ცალკეულ ქალაქებშიც (მუნიციპალიტეტებში). ჩვენ ჩავატარეთ საქართველოში და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის, ბრუნვის და დეკლარაციების ანალიზი. ეს გადასახადი ყველაზე მეტად ახასიათებს განვლილი პერიოდის (პირველი კვარტალი და იანვარი-აპრილი) ეკონომიკურ აქტივობას.

ცხრილი 2

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (საქართველოში რეგისტრირებული დღგ-ის

გადამხდელების მიხედვით, 2020 წლის იანვარი-აპრილი) [23]

 მაჩვენებელი

2019

2020

სხვაობა

ბრუნვა

18,448,989,339

17,697,040,141

-751,949,198

დარიცხულია გადასახდელად

172,537,991

140,624,543

-31,913,448

დეკლარაციების რაოდენობა (მარტი-აპრილი)

120511

119736

-775

                     წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

            2020 წლის იანვარი-აპრილში 751,9 მლნ.ლარით შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იხ.ცხრ.2). ასევე შემცირების ტენდენციით (18,5%) ხასიათდებოდა გადასახდელად დარიცხული თანხის მოცულობაც (31,9 მლნ.ლარი) და დეკლარაციების რიცხოვნობაც (775 დეკლარაციით).

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დინამიკაში ქ.ქუთაისში რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელების მიხედვითაც რთული ვითარებაა. აქ 13,2%-ით (22,7 მლნ.ლარი) შემცირდა ბრუნვა და 288,1 ათასი ლარით გადასახდელად დარიცხული დღგ. დეკლარაციების რიცხოვნობა 146 ერთეულით შემცირდა (იხ.ცხრ.3).

ცხრილი 3

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (ქუთაისში რეგისტრირებული დღგ-ის

გადამხდელების მიხედვით, 2020 წლის მარტი-აპრილი)

მაჩვენებელი 

2019

2020

სხვაობა

ბრუნვა

173,838,674

151,076,727

-22,761,947

დარიცხულია გადასახდელად

3,008,961

2,720,799

-288,162

დეკლარაციების რაოდენობა (მარტი-აპრილი)

4433

4287

-146

                        წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მიმდინარე წლის 6 თვეში დღგ-დან ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსულია 13,9 მლნ. ლარი, რაც თითქმის 1,2 მლნ. ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე (იხ.ცხრ.4). 2020 წლის 6 თვეში მობილიზებულია შარშანდელი დღგ-ის ფაქტიური შემოსავლების მხოლოდ 40%.

ცხრილი 4

დღგ-დან მიღებული შემოსავლები ქუთაისის მუნიციპალიტეტის

ბიუჯეტში (2020 წ. იანვარი-მაისი, ლარი) [24]

თვე

2019

2020

იანვარი

3354560

2778015

თებერვალი

1890726

2556745

მარტი

1978231

2707160

აპრილი

2630321

1880862

მაისი

2567446

1602224

ივნისი

2709925

2401404

სულ

15131209

13926410

თანაც, ოთხთვიან პერიოდში (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) მობილიზებულია 8,6 მლნ.ლარი, რაც 1,3 მლნ.ლარით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ნახაზი 3

დღგ-დან შემოსავლები ქუთაისის მუნიციპალიტეტის

ბიუჯეტში (მარტი-ივნისი, 2020 წ.)


 

გამოდის, რომ ექვსთვიან პერიოდში ეს ჩამორჩენა სწორედ დასახელებულმა ბოლო ოთხმა თვემ განაპირობა (იხ. ნახ. 4), რაც არასასურველ ტენდენციას მიგვანიშნებს.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის ვექტორი,  პირველ რიგში,  მიმართულია ტურისტულ სექტორ, შემდგომ სოფლის მეურნეობ, დეველოპმენტ და განათლებაკენ. სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ცვლილებები და მისი ანტიკრიზისული ფორმატი ბუნებრივია აისახება ტერიტორიული ერთეულების მთავარ საფინანსო დოკუმენტებში.

ეკონომიკური ზრდის შეთანხმებული პროგნოზი შეადგენს -4%-ს. საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება 1,8 მლრდ. ლარით. ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5%. [25]

თუ გავითვალისწინებთ კლების პარამეტრს (1,8 მლრდ.ლარი), შემოსავლებში დღგ-ის ხვედრითი წილის  (დაახლოებით 36%) მიხედვით გამოდის, რომ დღგ-ის კლება 648 მლნ.ლარს მიაღწევს, საიდანაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტებს კუთვნილი 19% დააკლდება (123,1 მლნ.ლარი).   

ასეთ პირობებში უნდა ველოდოთ საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრ შემცირებას და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეკვეცას (გარკვეულწილად შემცირდება ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან ტერიტორიულ ერთეულებში დასაფინანსებელი პროექტების მოცულობა და რაოდენობა). ძირითადი აქცენტებბი პირველადი მოთხოვნის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების სერვისების მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.

რა უნდა გაკეთდეს?

1.      უნდა შეიქმნას პანდემიის რეალობის შესატყვისი ქალაქის განვითარების ახალი პროგრამები/სტრატეგიები;

2.       მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება შესატანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმებში (LEDP), რომელიც ზოგიერთ ქალაქში ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში შეიქმნა);

3.      აუცილებელია საბიუჯეტო შემოსავლების რეზერვების ინტენსიური მოძიება და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია;

4.      ახალი საინვესტიციო პაკეთების შეთავაზება შიგა და გარე ინვესტორებისათვის, საინვესტიციო პროცესების დაჩქარების და ბიუჯეტში საკუთარი შემოსულობების მობილიზების მიზნით;

5.      ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება ქალაქების მიერ. ვგულისხმობთ როგორც  საპატიო კონსულების საქმიანობის ეფექტიან გამოყენებას, ასევე ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან და დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას; [26]

6.      პოსტპანდემიურ პერიოდში ზრუნვა აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების ხელშეწყობისათვის, ცალკეულ ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში, აგრარული ფირმების განვითარება იმპორტშემცვლელი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე მისაწოდებლად (ბევრი ქალაქი ახლოა სანედლეულო ბაზასთან).

 

 

 

ლიტერატურა და წყაროები:

1.      არჩვაძე ., კორონაეპიდემია - გლობალური მოვლენა, რომელიც მასშტაბებით მსოფლიო ომის მასშტაბს უტოლდება. საერო გაზეთი. 8.06.2020.

2.      პაპავა ., ჭარაია ., კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა. 03.2020. URL:https://www.researchgate.net/publication/340209256_koronomikuri_krizisi_da_sakartvelos_ekonomikis_zogierti_gamotsveva; ჩიხლაძე ., და სხვ. კორონომიკის კრიზისიდან გამოსვლის და  სტაბილიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ონლაინკონფერენცია თემაზე  „კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევა და მისი შემაკავებელი ბარიერები“. 9.04.2020.  URL: https://www.facebook.com/BSUBatumi/videos/161084421804743/http://unik.edu.ge/News/1014; ჯიბუტი ., საშველი. URL:http://iverioni.com.ge/16749-mikheil-jibuti-sashveli.html?fbclid=IwAR2or4gO_ftqOjoFqD1gTfKcQhY9YVFL0uRLy9-G-6YgUzgl6QC6gXdWIzI 26.03.2020; ხიდაშელი ., COVIDeconomy პანიკის გარეშე. URL: https://www.unik.edu.ge/News/1012?fbclid=IwAR1lyJTmbysQqCBrWBt5BN7ROiRxwPWRaKm2dBU9bRI18IsE3PnVjDVwyn8; ჭითანავა ., განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს! URL: http://iverioni.com.ge/16752-nodar-tcithanava-gansacdelma-gaazrebuli-nabijebis-gadadgma-unda-shegvadzlebinos.htmlდა სხვ.

3.      პაპავა ., სილაგაძე ., როგორ უნდა ითარგმნოს ქართულად ტერმინი ”GROSS DOMESTIC PRODUCT”. ჟურნ. „გლობალიზაცია და ბიზნესი“, №7, 2019, გვ. 203. URL:https://www.eugb.ge/uploads/journal/gb-N7.pdf

4.    Stiglitz, Rashid H., Which Economic Stimulus Works? Jun 8, 2020. https://www.project-syndicate.org/commentary/stimulus-policies-must-benefit-real-economy-not-financial-speculation-by-joseph-e-stiglitz-and-hamid-rashid-2020-06

5.      ნადარაია ., და სხვ. COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. თიბისი კაპიტალი, 2020. გვ. 10. URL: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Covid-19-impact-May-2020

6.      https://www.geostat.ge/ka/single-news/1882/ekonomikuri-zrdis-tsinastsari-shefaseba-maisi-2020

7.      https://www.geostat.ge/ka/single-news/1842/sakartvelos-sagareo-vachroba-2020-ts-ianvari-aprili-ekspres-monatsemebi

8.      https://www.geostat.ge/ka/single-news/1865/pirdapiri-utskhouri-investitsiebi-2020-tslis-i-kvartali-tsinastsari

9.      არჩვაძე ., რეინვესტირების მოცულობა იზრდება. URL:https://commersant.ge/ge/post/soso-archvadze-miuxedavad-arsebuli-gamowvevebisa-pirvel-kvartalshi-reinvestirebis-moculoba-268-it-gaizarda (9.06.2020)

10.  https://www.geostat.ge/ka/single-news/1843/utskhoel-vizitorta-statistika-i-kvartali-2020-tseli

11.  https://www.un.org/development/desa/ru/news/population/2018-world-urbanization-prospects.html

12.  Coronavirus (COVID-19): Cities Policy Responses URL:http://www.oecd.org/coronavirus/policy-responses/cities-policy-responses-fd1053ff/

13.  http://www.brasilia.df.gov.br/

14.  https://www.madrid.es/portales/munimadrid/es/Inicio/El-Ayuntamiento/Medidas-especiales-por-el-coronavirus-SARS-CoV-2/?vgnextfmt=default&vgnextchannel=2f7abc18998c0710VgnVCM2000001f4a900aRCRDhttps://elpais.com/espana/madrid/2020-03-11/coronavirus-en-madrid-medidas-puestas-en-marcha.html

15.  http://www.bilbao.eus/cs/Satellite?c=Page&cid=3000005415&pagename=Bilbaonet/Page/BIO_home

16.  https://www.comune.milano.it/-/coronavirus.-dal-comune-di-milano-un-fondo-di-mutuo-soccorso

17.  https://montreal.ca/en/articles/covid-19-support-measures-montreal-businesses

18.  https://stopcovid19.metro.tokyo.lg.jp/en/

19.  https://www.city.yokohama.lg.jp/lang/residents/en/

20.  https://nypost.com/2020/03/13/new-rochelle-gets-drive-thru-coronavirus-testing/  

21.  The territorial impact of COVID-19: Managing the crisis across levels of government URL:http://www.oecd.org/coronavirus/policy-responses/the-territorial-impact-of-covid-19-managing-the-crisis-across-levels-of-government-d3e314e1/

22.  ცხრილი შედგენილია ჩვენს მიერ სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით URL: http://treasury.ge/4984

23.  წარმოდგენილ ცხრილში ასახულია მონაცემები დღგ-ის გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით (საბაჟოზე გატარებული ოპერაციების, ბრუნვის და გადასახადის გარეშე)

24.  შედგენილია ჩვენს მიერ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მასალების მიხედვით

25.  გახარია ., ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი. (9.06.2020)

URL:https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1706406826163881?__tn__=K-R

26.  ჩიხლაძე ., რუსაძე ., ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის გამოწვევები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2020.