ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

როგორ გამოვიდეთ კორონომიკის კრიზისიდან

როგორ გამოვიდეთ კორონომიკის კრიზისიდან

კორონომიკის კრიზისიდან გამოსვლის და  სტაბილიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დღევანდელი მსოფლიო, ფაქტობრივად, აქამდე არნახულ და უჩვეულო ომშია ჩაბმული. მის მასშტაბებზე მეტყველებს ის, რომ მასში 3-ჯერ მეტი სახელმწიფო მონაწილეობს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში. კორონავირუსი, ფაქტობრივად, ბინარული იარაღია, რომელიც კაცობრიობას ორი ფრონტით, ადამიანისათვის ეგზისტენციური მნიშვნელობის ორი ასპექტით - სამედიცინო და ეკონომიკური კუთხით უტევს. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიო ეკონომიკა დიდწილად დაპაუზებულია! - შემცირებულია გლობალური მოთხოვნა და გლობალური მიწოდება.

„გადარჩენის ეკონომიკისათვის“ თუ გამოვიყენებთ დარვინის ცნობილი თეორიის პერიფრაზირებას გარემო პირობებთან სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმების სწრაფი ადაპტაციის შესახებ, „გადარჩებიან“ (კრიზისს თავს დააღწევენ) არა სიდიდით გამორჩეული ქვეყნები, არამედ ისინი, რომლებიც სწრაფად შექმნიან ანტიკრიზისულ პროგრამებს და მოახდენენ ინოვაციური მიდგომების დანერგვას - სწორედ მათ შეეძლებათ ადაპტირება ახალ პირობებთან. ამისათვის მხოლოდ სიდიდე ნაკლებად სარწმუნო ფაქტორია!

     განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით წარმოგიდგენთ კორონომიკის კრიზისიდან გამოსვლის და  სტაბილიზაციის დაძლევის ზოგიერთ რეკომენდაციას მცირე დასაბუთებებით:

1.       ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება - აუცილებელია შემუშავდეს „კრიზისის შედეგების შენელების“, „გადარჩენის“ ან სხვა სახის პროგრამა. დღეს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს არა ეკონომიკური ზრდის ტემპების უზრუნველყოფა, არამედ ზრუნვა დაკარგულ შემოსავლიანი ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლის მქონე მრავალი ათასი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებული სახსრების ეკონომიკური ზრდის მულტიპლიკაციური ეფექტი რეალურ სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე სოციალურ სფეროში, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებზე განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ნაწილის გადასროლას უშუალოდ სოციალური დანიშნულებით. ქცევის საკუთარი მოდელის შემუშავება კრიზისის პირობებში, ჩვენი რესურსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ფსიქოლოგიური ფაქტორის მოხსნა, „მოთამაშეების“ გამოყვანა ფსიქოზიდან, რაც აჟიოტაჟურ მოთხოვნას განაპირობებს თანამდევი ყველა უარყოფითი შედეგით.

2.       მკაცრი და გონივრული საბიუჯეტო/ფისკალური პოლიტიკის გატარება - აშკარად იკვეთება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტურობის გაღრმავების საშიშროება. ამიტომ აუცილებელია  „შემკავებლური ფისკალური პოლიტიკის“ გატარება, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. „კრიზისული საბიუჯეტო პოლიტიკის“ განხორციელებასთან, მწირი ბიუჯეტის პირობებში არააუცილებელი ხარჯების (საოფისე, მივლინებები და სხვა) შეკვეცასთან, ასევე რიგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სამომავლოდ გადადებასთან (ეს მიმართულებები მოცემულ წელს პრიორიტეტული ვერ იქნება) და საბიუჯეტო რესურსის სხვა მიმართულებით - გადაუდებელი ხარჯებისათვის გადანაცვლებასთან (უპირველესად, სოციალურად დაუცველთა და სამუშაოდაკარგულთა მხარდაჭერა). საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 14 მილიარდი ლარია, რაც მოსახლეობის ერთ სულზე, ლარისა და დოლარის დღევანდელი კურსით, 1100 დოლარს მხოლოდ უმნიშვნელოდ აღემატება. ერთი მხრივ, მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯების რთულად პროგნოზირებადი ზრდა - სხვადასხვა, მ.შ. ჯანდაცვის, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის სხვა ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. მეორე მხრივ, იკვეთება დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების მობილიზების პრობლემები - იკვეცება ტურიზმის და ზოგიერთი სხვა სფეროს დასაბეგრი შემოსავლები, ბიზნეს-აქტიურობისა და შესაბამისად, ენერგორესურსებზე ერთობლივი მოთხოვნის შემცირების პირობებში შემცირდება საგადასახადო შემოსულებები იმპორტირებული საქონლიდან. ნავთობზე მსოფლიო ფასების შემცირება თავისთავად, დადებითი მოვლენა ენერგიის შემსყიდველი ქვეყნისა და მისი საგადამხდელო ბალანსისათვის, ბოლომდე ვერ შეძლებს ექსპორტის შემცირებით მოსალოდნელი ზარალის კომპენსირებას. ამიტომ, თუნდაც უარესი სცენარის სახით მაინც, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მწირი საბიუჯეტო სახსრების შიდა გადანაწილებაზე. საჭიროა ახალი „საგანგებო ბიუჯეტის“ მიღება ახალი პრიორიტეტებით. ამასთან, მხარს ვერ დავუჭერთ სხვადასხვა ინიციატივებს გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით - ამის შედეგი მხოლოდ საბიუჯეტო დეფიციტის გაღრმავება იქნება. ამავე მიზეზით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ფართო სოციალური გარანტიების დაპირებაზე - სახსრები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, ვინაიდან მოსალოდნელი დეფიციტის მასშტაბები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

ამ პირობებში საბიუჯეტო რესურსების დეფიციტი მაქსიმალურად უნდა „შეავსოს“  მოქალაქეთა შეგნებამ, თვითორგანიზებამ, დისციპლინამ, სოციალურმა პასუხისმგებლობამ და სოლიდარობამ.

3.       მკაცრი და გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება - შეშფოთებას იწვევს უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ვალუტის დევალვაციის მასშტაბები - ლარი ბოლო თვეში დოლარის მიმართ თითქმის 25%-ით გაუფასურდა. მიზეზად სახელდება გლობალური კრიზისი, მაგრამ იგივე ტენდენცია არ დასტურდება არც სამეზობლო ქვეყნებში და არც სხვაგან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოზე გაცილებით მძიმეა. ეროვნული ვალუტის კურსის შემდგომი არასტაბილურობა კი მეტად მნიშვნელოვანი საფრთხეების მატარებელია. ლარის გაუფასურების  რეალური მიზეზი, გარდა მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინებისა, უდავოდ არის გადახვევა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. ერთი მხრივ, განხორციელდა 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ, იმავე ბაზარზე განუხრელად, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით იზრდებოდა ლარის მიწოდება, განსაკუთრებით საპენსიო სააგენტოს კომერციულ ბანკებზე გაცემული სახსრების სახით.  ვფიქრობთ, რომ დღის წესრიგში დგას საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა. ამისათვის, უნდა მოხდეს სარეზერვო ნორმების კორექტირება: გაზრდა ლარში (სავალუტო ბაზარზე ლარის მიწოდების შესაზღუდად) და შემცირება უცხოურ ვალუტაში (მისი მიწოდების სტიმულირებისთვის). ასევე საჭიროა რეფინანსირების სესხების შეზღუდვა (განაკვეთის გაზრდით).  რაც შეეხება, სავალუტო ინტერვენციებს, ამ ეტაპზე ეს სავალუტო რეზერვების გაფლანგვის ტოლფასია და მათი შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის - ამ რეზერვების შენარჩუნება მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებელია.

4.       მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან - ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის პირობებში, ტრადიციულად, დეფიციტის დაფარვის წყაროდ იმედოვნებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ასევე პრობლემატური აღმოჩნდეს. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითად დონორ ქვეყნებსაც კი ძალიან უჭირთ - „პოსტკორონულ“ ეპოქაში ყველას თავისი მძიმე დანაკარგები ექნება დასაძლევი. დღეს საქართველოს ეკონომიკის წინაშე უფრო სერიოზული გამოწვევებია, ეკონომიკის მასშტაბიც 12-წლის წინანდელ კრიზისთან შედარებით 1.5-ჯერაა გაზრდილი, მაგრამ 2008 წლის მაგვარი მასშტაბური საერთაშორისო დახმარების იმედი ამჯერად ალბათ არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათთან მუშაობა არ ვაწარმოოთ: მთავარია მათგან თანხების მოზიდვა და  მიღებული თანხის გონივრული განაწილება - ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად, ნაწილი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, ნაწილი სხვადასხვა სექტორის/კონკრეტული კომპანიების დასაფინანსებლად. მაგალითად შესაძლებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენება: Stand-by agreement – 12-18 თვიანი კრედიტი მოკლევადიანი პრობლემების დასაძლევად; The Supplemental Reserve Facility - მოკლევადიანი სესხები კრიზისის პერიოდში. ამასთან, ტექნიკური და მატერიალური  დახმარების მიღება ცალკეული ქვეყნებიდანაც (ჩინეთი, სამხრეთი კორეა) იქნება შესაძლებელი.

5.       სასურსათო უსაფრთხოება, აგრარული სექტორი  - ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად მოახერხოს სურსათით თვითუზრუნველყოფა. სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას. სახელმწიფო რეგულირების ფორმისა და მეთოდის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიეცეს იმ კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ორგანიზაციულ ღონისძიებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წარმოების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საბოლოო ანგარიშით, კი, ქვეყანაში სურსათით თვითუზრუნველყოფას. მხოლოდ 2011-2019 წლებში საქართველოში იმპორტირებულია 11.0 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც ქვეყნის 2019 წლის მშპ-ის 92.5%-იაჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობის გათვალისწინებით მომავალში აქცენტი აღებული უნდა იქნეს ძირითადად მარცვლის მოსავლის გადიდების ინტენსიურ ფაქტორებზე. საქართველს სერიოზული რეზერვები გააჩნია, მელიორირებული მიწების ფართობების გადიდების, არსებული სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის, მათი ტექნიკური მოდერნიზაციის და წყალუზრუნველყოფის  ამაღლების ხარჯზე.

6.       ეკონომიკაში პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრა და რესურსების მიმართვა მის გასავითარებლად - ეს ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარება-დივერსიფიკაციას, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის წარმოებას საექსპორტოდ, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას; პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად - მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის ბიოაგროპროდუქცია, არის ის მიმართულება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საქართველოს სასურსათო და ზოგადად ეკონომიკური უშიშროებაც. ეროვნული წარმოების დახმარებისათვის შეიძლება განხილულ იქნას გარანტირებული შესყიდვების ხვედრითი წილის/კვოტის განსაზღვრა და სხვა ბერკეტების გამოყენება.

7.       სამუშაო ძალის ბაზრის სტრუქტურის ცვლილებებისადმი მომზადება - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადახდისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი,  უმოქმედოთაა. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალურ მოთხოვნას საწვავზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურიზმზე, ავტომობილებზე და სხვ. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს მრავალი ათასი ადამიანის შემოსავლების შემცირებას და საერთოდ, უმუშევრობის ზრდას. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს გადამზადების პროგრამებზე. ეს ეხება როგორც უცხოეთიდან დროებით ან სამუდამოდ დაბრუნებულ სამუშაო ძალას, ისე უმაღლესი სასწავლებლების პერსონალსაც - უნივერსიტეტების მიერ ხარჯების გადახედვას  ონლაინ სწავლების მუხტი გაძლიერების გამო, აუცილებლად მოყვება სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული პერსონალის ნაწილის გამონთავისუფლება; დღეს აქცენტი მოსახლეობის ჯანმრთელობის, შემოსავლებისა და მათი გადახდისუნარიანობის შენარჩუნებაზე უნდა იქნას გადატანილი. აქ, მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტს რომ შევეხოთ, კრიტერიუმი ცალსახად უნდა იყოს: მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნის სავარაუდო შემცირება არ უნდა გადასცდეს ერთნიშნა ნიშნულს.

8.       ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება - აუცილებელია სავაჭრო ატაშეების ინსტიტუტის უფრო ეფექტიანი გამოყენება, განსაკუთრებით იმ დარგებში, რომლებშიც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა გააჩნია. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკურ დიპლომატიაში საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობის ეფექტიან გამოყენებას, ასევე რეგულარული ეკონომიკური მისიების ჩართულობის გაძლიერებას, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში.

 

პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე

პროფესორი იოსებ არჩვაძე

ასოცირებული პროფესორი გურამ უფლისაშვილი

ასოცირებული პროფესორი მირზა ხიდაშელი

 

 


ბოლო სიახლეები