“Erasmus+”- ის პროექტის ფარგლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტეტების რექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე დაესწრო.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
შეხვედრაზე 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია შეიქმნა.
კონფერენციის ჩამოყალიბებაზე ხელმომწერი უნივერსიტეტებია: სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს - კავკასიის უნივერსიტეტი, სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი, სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივრიტეტი, სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
"Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - "უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის დეტალები განიხილეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო მიზნები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.