საინფორმაციო კვირეული „გზამკვლევი მომავლისთვის“, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველოში, ორგანიზატორებმა - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ჭაბუკი ჭეიშვილმა და რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავალი" ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნეს.
პირველი საჯარო ლექცია წითელ ტერორს და საბჭოთა რეპრესიებს მიეძღვნა, რომელიც ისტორიკოსმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ რეპრესირებულთა სამარხების კვლევით, უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალით წარმოადგინა.
”მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რეჟიმის ნამდვილი სახე, გვახსოვდეს როგორ ექცეოდა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, რომ თავი დავიცვათ მომავალში ისევ ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის აღმოცენებისგან“- ეს იყო საინფორმაციო შეხვედრის მთავარი საგანმანათლებლო მიზანი სტუდენტური აუდიტორიისთვის.
ლექცია დოკუმენტური ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაოს“ ჩვენებით დასრულდა.
საინფორმაციო კვირეული „გზამკვლევი მომავლისთვის“ 19 ოქტომბერს, თემით „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; კანდიდატის წევრობის განაცხადი და არსებული გამოწვევები“ გაგრძელდება.