1 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის, მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი", ფარგლებში, პანელური დისკუსია “არასრულწლოვანთა მართლსაჯულება - გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში“ გაიმართა.
დისკუსია გახსნა ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, თეონა გრიგოლაშვილმა. დისკუსიის დროს არასრულწლოვნების სასჯელის როლსა და მიზანზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, ისაუბრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა პროკურორმა, ირაკლი შვანგირაძემ კი არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ეფექტიანობა მიმოიხილა.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, გელა სიორდიამ, შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა მოსაზრებები არასრულწლოვნების უფლებების შესახებ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე; ბავშვებისადმი განსაკუთრებული მიდგომის საჭიროებასა და მნიშვნელოვნებას ხაზი გაუსვა იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგმა, თამარ სიმონიამ;
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის, ქსენია მესხიძის მოხსენება, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სახალხო დამცველის როლსა და მანდატს ეხებოდა.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მნიშვნელოვანი შეკითხვები დაუსვეს პანელის წევრებს.
შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამმართველოს უფროსმა, სოფიო ყუბანეიშვილმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრები გაგრძლდება მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს გაფორმდა იურიდიული დახმარების სამსახურსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის.