"ქუთაისის უნივერსიტეტი" სტუდენტებს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. ანა მინდელი UNIK-ის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის სტუდენტია და ამჟამად სწავლას ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში აგრძელებს.
"აქ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის თითქმის ყოველ დღე ტარდება ღონისძიებები, სადაც უამრავი ადამიანის გაცნობა შეიძლება და ვფიქრობ, ეს საზღვარგარეთ სწავლის საუკეთესო ნაწილია. უნივერსიტეტში ძალიან გამიმართლა. ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოა, პროფესიონალი და მეგობრული აკადემიური პერსონალით. ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებიც უკვე ჩემი მეგობრები არიან.
საზღვარგარეთ სწავლა არის უმაგრესი გამოცდილება და თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად გამოიყენეთ. უცნაურად კარგი შეგრძნებაა, როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და აანალიზებ, რომ რამდენიმე თვე სწორედ აქ უნდა გაატარო. დადიხარ სრულიად უცხო ქუჩებში, ხედავ სრულიად ახალ სახეებს, რაც თავს ძალიან თავისუფლად და დამოუკიდებლად გაგრძნობინებს.
ჩემი მოლოდინები ყველანაირად გამართლდა. ძალიან დიდი ხანი მინდოდა მსგავსი პროგრამით სასწავლებლად წასვლა და ვნერვიულობდი რა დამხვდებოდა, მაგრამ ამის მიზეზი არ მქონია, პირიქით, კიდევ ერთი სემესტრით გადავწყვიტე აქ დარჩენა“, - აღნიშნავს ანა მინდელი.