ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა: "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
,,მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტები სტუდებტებს არა მარტო განათლების, არამედ განვითარების საშუალებასაც აძლევენ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამდენი ახალგაზრდა ჩაერთო ევროკავშირის პროექტში. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები ბევრს სასარგებლო უნარ-ჩვევას გამოიმუშავებენ, რაც მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება,"-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
,,ევროკავშირის ჟან მონეს ამ პროექტის განხორციელება ჩვენ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდობისთვის მეტი ისწავლონ და გაიგონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და ა.შ.
როგორც ვიცით, ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, ევროინტეგრაცია და ევროკავშირი არის ის, რაც ჩვენი მომავალია და კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ამ საკითხებზე მეტის გაგების საშუალება ეძლევათ.
მადლობა ევროკავშირს, ჟან მონეს პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს, რომ ჩვენ რეგიონში გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება"-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
,,პროექტის მიზანია ევროპის ციფრული სტრატეგიის ძირითადი მიზნების და ამოცანების ახალგაზრდებამდე მიტანა. ევროკავშირის ათწლიანი გეგმა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ციფრულ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. 2020-2030 წლების სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია: მოქალქეების ციფრული უნარების გაზრდა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბიზნესში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ასევე, სახელმწიფო სერვისების დიჯიტალიზაცია ანუ ონლაინ მიწოდება და სხვა. ჩვენი პროგრამაც სწორედ ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანების გაზიარებას ისახავს მიზნად,"-ამბობს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე.
ზამთრის სკოლა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება.
პროექტის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.
ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მოზადებაში და მის წარდგენაში შესაბამის ფონდებში, ასევე ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება „ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვა.