ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ფარგლებში არსებული "ზამთრის სკოლის" დახურვის ცერემონია გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
ზამთრის სკოლაში "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" 24 ადამიანი მონაწილეობდა.
პროექტის მონაწილეებისთვის მეწარმეობისა და ციფრული მარკეტინგის შესახებ ლექციები ქუთაისის უნივერსიტეტის და გოტერბორგის უნივერსიტეტის ლექტორებმა ჩაატარეს.
"ზამთრის სკოლის" დასრულების შემდეგ პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მოზადებაში და მის წარდგენაში შესაბამის ფონდებში, ასევე, ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება "ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვა.
"ეს პროექტი ჩემთვის სიახლე იყო. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, ციფრული მარკეტინგის მიმართულებას გამოვარჩევდი. გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ციფრული მარკეტინგის პრონციპების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებულ ცოდნას მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ'', - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ერეკლე კალანდია.
"ზამთრის სკოლის" მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. პროექტში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
"ზამთრის სკოლა" 21 თებერვალს გაიხსნა.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე - ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს.