ქუთაისის უნივერსიტეტში პანელური დისკუსია - "კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში" გაიმართა. დისკუსიას ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და "ევროპის უნივერსიტეტის" სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი თამარ მსხვილიძე უძღვებოდა.
შეხვედრის მიზანს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მის დასაძლევად არსებული ბერკეტების საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
დისკუსიაში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში თავიანთი მოსაზრებები დაფიქსირეს.
"ქუთაისის უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი ტრადიცია არაფორმალური განათლების მეთოდით ხაზი გაუსვას ყველაზე საჭირო და სენსიტიური თემების საზოგადოებრივი განხილვის ასპექტს. მნიშვნელოვანია, რომ ვსაუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე და მის მართვის ძირითად ასპექტებზე. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ის ქუთაისისთვის, რადგან ბოლო პერიოდში გელათის საკითხი გააქტიურდა. დღევანდელ დისკუსიას სტუდენტების დიდი ნაკადი ესწრებოდა, მათი უმეტესობა სამართლის მიმართულებით სწავლობს’’, - განაცხადა თამარ მსხვილიძემ.
დისკუსია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ქუთაისის (ELSA Kutaisi) ორგანიზებით მოეწყო.