ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "რატომ არის მნიშვნელოვანი ტურიზმის დარგის შესწავლა" ჩატარდა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მაია აზმაიფარაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ციცინო დავითულიანმა ჩაატარეს.
საჯარო ლექციაზე განიხილეს ტურიზმის მიმართულება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და გამოწვევებით სავსე სფერო საქართველოში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია და ამ დარგს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ასევე ყურადღება გამახვილდა პროფესიონალი კადრების დეფიციტსა და ტურიზმის მიმართულებაში არსებულ შესაძლებლობებზე.
ლექტორებმა ქუთაისის უნივერსიტეტში არსებულ რესურსებზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარებიც გამოუმუშავდებათ, რაც მათ შრომის ბაზარზე დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.
"მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით სხვა მიმართულებით ჩაბარებას ვაპირებდი, ალბათ, ტურიზმის დარგზეც დავფიქრდები. აღმოვაჩინე, რომ ტურიზმს ბევრი განხრა აქვს და დასაქმება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება. ეს ის სფეროა, რომლის განვითარებაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის ლექციები ისევ ჩატარდება", - აცხადებს ნათია ცაავა.
ლექცია ტურიზმის სფეროს პოპულარიზებას ისახავდა მიზნად.