ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინტერვიუს ტექნიკების შესახებ ტრენინგი ჩატარდა და იმიტირებული გასაუბრება მოეწყო.
უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე ვაწაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გურანდა გობიანმა ტრენინგი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის ჩაატარეს.
ტრენინგის შემდეგ მსმენელებმა დარგის ქოუჩებთან გადაინაცვლეს და მათი რჩევები მოისმინეს. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით კი სტუდენტებმა დარგების მიხედვით სამუშაოს მაძიებლების როლები მოირგეს და იმიტირებულ გასაუბრებაში მიიღეს მონაწილეობა.
გასაუბრება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს:
იურიდიული მიმართულების სტუდენტებისთვის - იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელმა გელა სიორდიამ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ქეთევან მურადაშვილმა;
ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებისთვის - კოლეჯ "კონსტრუქტორ2-ის’’ დირექტორმა თამარ ზაქარეიშვილმა, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა მარიამ სხილაძემ და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის მენეჯერმა ზურა მერკვილაძემ.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის - კლინიკა ლჯ-ის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იაკობ ჯიქიამ და ჯეო-ჰოსპიტალის ულოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯემალ ჯიქიამ.
ტრენინგი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.
"მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება იმიტირებული იყო, მაინც ძალიან ვინერვიულე, თუმცა ამავე დროს, ქოუჩის რჩევა გავითვალისწინე და თავის კონტროლი დავიწყე, რათა ჩემს სხეულის ენას არ გავეყიდე. აქამდე გასაუბრებაზე არასდროს ვყოფილვარ. იმ რჩევების მიხედვით, რაც ტრენინგზე მომცეს, განვსაზღვრე როგორ წარმედგინა საკუთარი თავი იმიტირებულ ინტერვიუზე, როგორ წარმომეჩინა ჩემი ძლიერი მხარეები, რაც საბოლოოდ ჩემი სამუშაოზე აყვანით უნდა დასრულდებულიყო. შევეცადე მაქსიმალური გამეკეთებინა. ვფიქრობ, ამის შემდეგ რეალური გასაუბრება ბევრად გამიმარტივდება", - აცხადებს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი ბაია ჯოხაძე.
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტების წარმატებით დასაქმების მიზნით აქტივობებს სისტემატიურად ახორციელებს.