Cela-ს პროექტის "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში ვორკშოპების სერია გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან სტუდენტებს ევროკავშირის დაარსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე, ალიანსის გაფართოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების დადებით მხარეებზე გააკეთა აქცენტი.
კვლევის მეთოდოლოგიაზე ვორკშოპი ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თათია ხარაბაძემ ჩაატარა და დამსწრეებს კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
პროექტი "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023“ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორკშოპები ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა საკითხების შესახებ.
ტრენინგებისა და ვორკშოპების შემდეგ კი მონაწილეები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით პროექტებს თავად განახორციელებენ.
იმერეთის რეგიონში პროექტის კოორდინატორი ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი, სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილია.
ქუთაისის უნივერსიტეტი წლებია, CELA-ს პარტნიორია.