"ქუთაისის უნივერსიტეტში" ზაფხულის სკოლა - "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა.
"ერასმუს+" ჟან მონეს მოდულის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ციფრული ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ სესიებს დაესწრებიან.
პირველი სესია ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა გრიგოლაშვილმა ჩაატარა თემაზე: "ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში".
თეონა გრიგოლაშვილმა საქართველოს ბაზარზე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე ქვეყნის ციფრულ სტრატეგიასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ.
"ერასმუს+" ჟან მონეს მოდულის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით. გარდა ამისა, მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.