ქუთაისის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" ლექციათა სერია გრძელდება. ,,გეთებორგის უნივერსიტეტის" (შვედეთი) პროფესორმა და ,,ქუთაისის უნივერსიტეტის" მოწვეულმა ლექტორმა, ალექსანდრე ასათიანმა, მონაწილეებისთვის ლექცია თემაზე: „ციფრული პლატფორმები და ეკოსისტემები“ ჩაატარა.
პროფესორმა ალექსანდრემ ლექციის მიმდინარეობისას ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაუთმო იმ ინოვაციური იდეების განხილვას, რომლებმაც თავის დროზე მსოფლიო შეცვალა.
ზაფხულის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" "ერაზმუს+" ჟან მონეს მოდულის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ. მათ ლექციები მეწარმეობისა და ციფრული ტექნოლოგიების შესახებ უტარდებათ. პროექტის დასასრულს მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად განახორციელონ იდეები და მოიპოვონ დაფინანსება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით. გარდა ამისა, მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.