8 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე "ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები“ გაიმართა.
ლექციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პროექტის "საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, მოწვეული ექსპერტი იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა. ლექციის დასასრულს ზაფხულის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ზაფხულის სკოლის მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის პროფესორებმა - ნიკოლოზ ჩიხლაძემ და პაატა კლდიაშვილმა, კურსის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა გააცნო.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ჟან მონეს მოდულის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ მიზნად ისახავდა ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში. გარდა ამისა მოდულის მიზანია იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ.
ზაფხულის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებულ ახალი პროექტის მომზადებაში და წარადგინონ პროექტი შესაბამის ფონდებში, ასევე, ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს ქუთაისის უნივერსიტეტის ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.