ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თათია ხარაბაძე, უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ მდივანსა და მოადგილეს, უნივერსიტეტის პრეზიდენტს აჯიაიქებაიერ აზიას, საერთაშორისო სწავლების სკოლის დეკანს სინ რუის, საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ზუკელა ტალაიტის.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრა სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებულ კლინიკებთან.
კიბოს ჰოსპიტლის, ტრადიციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელობასა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთობის საკითხები. კერძოდ, სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სტუდენტური პროგრამების განხორციელება, კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება აკადემიურ პერსონალსა და კლინიცისტებს შორის.