ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო.
ქუთაისის უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია, რაც ხორციელდება ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის".
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში.
პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.
კონკურსში ქუთაისის უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, სხვა უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე საქართველოს სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეები მონაწილეობენ.
ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.
ყველა მონაწილეს, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გადაეცემა მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.
ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მომზადებაში და წარადგინონ პროექტი შესაბამის ფონდებში, ასევე, ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს "ქუთაისის უნივერსიტეტის" ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.