27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლი "აფხაზეთი" (ქორეოგრაფი არმაზი ყიფიანი, პროდიუსერი ზაზა ყიფიანი) მიწვეული იყო ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიაში საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.
ვარფფუმის ( ნიდერლანდების სამეფო ) მსოფლიო ცეკვებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უმაღლესი კატეგორიის ფესტივალების რიგს განეკუთვნება, რომელიც უკვე 47–ედ გაიმართა. ვენესუელა, კოსტა–რიკა, რუმუნეთი, სერბეთი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, საქართველო ქვეყნები რომლებიც წარმოდგენილი იყო ფესტივალზე 12 შემოქმედებითი კოლექტივის მიერ.
შედარებით მოკრძალებული და ახალგაზრდა ფესტივალი გახლავთ ჰალსბეკის (გერმანია) ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. იგი წელს მეათედ გაიმართა.
ჰალსბეკის ფესტივალში მონაწილეობდა ხუთი შემოქმედებითი კოლექტივი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს, სერბეთს, პოლონეთს,ნიდერლანდებსა და საკუთრივ გერმანიას .
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ორივე ქვეყანაში არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაუწიეს ჩვენს ანსამბლს. ორივე ფესტივალის ფორმატი მაქსიმალურად იყო გაჯერებული დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი ღონისძიებებით: დისკო–ფართები, პიკნიკები, ცეკვის სემინარები, ექსკურსიები, რელაქსაციის საათები აკვაპარკებში, სპორტული შეჯიბრებები ბოულინგში, გოლფში, მშვილდ–ისრებით სროლაში და ა.შ. მართლაც რომ შთამბეჭდავად და სახალისოდ იყო გათვლილი ყოველი დღის გრაფიკი.
ანსამბლ ,,აფხაზეთის“ გამოსვლები ორივე ფესტივალზე საკმაოდ წარმატებული იყო. უფრო მეტიც "აფხაზეთი" ერთ–ერთი ფავორიტი გახლდათ და მოცეკვავეებმა სავსებით სამართლიანად დაიმსახურეს ორგანიზატორების მაღალი შეფასებები. მაყურებელის მხურვალე ოვაცია და დადებითი ემოციები კიდევ ერთი დასტური იყო წარმატებისა. ქართული ცეკვის ინდივიდუალიზმი და მაღალი საშემსრულებლო დონე უყურადღებოდ არ დარჩენილა არც პრესისა და ტელევიზიის მიერ. აი რას წერს ჰოლანდიური ინტერნეტ გამოცემა " ვარფფუმი ": " ფესტივალის გახსნის დღეს ყველაზე სანახაობრივი წარმოდგენა გვიჩვენეს ანსამბლებმა "აგიდელმა“ ბაშკირეთიდან და " აფხაზეთმა " საქართველოდან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანებული შეძახილები გამოიწვიეს ".
აქვე საფუძველი ჩაეყარა მორიგ ტურნეებსაც: ანსამბლი უკვე მიწვეულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე მაღალი დონის ფესტივალზე.
ვულოცავთ ანსამბლ ,,აფხაზეთს“ამ შესანიშნავ და ბრწყინვალე გამოსვლას და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.
{Gallery dir='news/20-07-2012'}