ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

აკადემიკოს ვარლამ ქელბაქიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

 

მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად გამართა აკადემიკოს ვარლამ ქელბაქიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

პლენარული სხდომა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბატონი ვარლამი ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ლელა ქელბაქიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი ღავთაძე, ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ვლადიმერ ადეიშვილი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, იაშა მესხია. მათ გაიხსენეს ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, დაახასიათეს იუბილარის მიერ განვლილი სახელოვანი გზა და პიროვნული შტრიხები. აღინიშნა, რომ ბატონი ვარლამი პირველია საქართველოში, რომელმაც მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ჩამოაყალიბა კვლევის ახალი მიმართულებები და შექმნა მეცნიერული სკოლა, რომელიც დღესაც წარმატებულია. ძნელბედობის წლებში, მანვე დააარსა კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო კერად ითვლება და შთამომავლობა ღირსეულად აგრძელებს დაწყებულ საქმეს.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, აკად. ნ. ვასაძემ  - „დიდბუნებოვანი კაცი“, პროფ. გ. ბერძულიშვილმა და ასოც. პროფ. დ. შავიანიძემ - „ვარლამ ქელბაქიანი - დიდი სულის ადამიანი, მომავლის არქიტექტორი, მასწავლებელი და მეგობარი“, პროფ. რ. გოლეთიანმა - „იგი სითბოსა და სიყვარულისთვის იყო გაჩენილი“, პროფ. გ. ღავთაძემ - „აწსუ-ს მართვის აქტუალური საკითხები თანამედროვე გამოწვევების ფონზე“.

კონფერენციაზე იმუშავა სამმა სექციამ - პედაგოგიკა, მათემატიკის სწავლების მეთოდიკა და განათლების მენეჯმენტი, გამოიცა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული შრომების კრებული, რომელშიც 80 მოხსენებაა წარმოდგენილი.

კონფერენციის მსვლელობისას ნამდვილად იგრძნობოდა თაობებს შორის კავშირი, იმ დიდი საქმეების გადაწყვეტის მზაობა მეცნიერებასა და ადამიანურ ურთიერთობებში, რასაც აკად. ვარლამ ქელბაქიანმა, ამ მართლაც სითბოსა და სიყვარულისათვის გაჩენილმა ადამიანმა დაუდო სათავე.