ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

კონკურსი

განცხადება

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ აკადემიური თანამდებობების დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენაზე

 

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

1)     ასოცირებული პროფესორი - მიმართულება „ადმინისტრაციული სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;

2)     ასოცირებული პროფესორი - მიმართულება „ფინანსები“ - 1 საშტატო ერთეული;

3)     ასისტენტ-პროფესორი - მიმართულება „ფინანსები“ – 1 საშტატო ერთეული.

 

  1. 1. შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურება - საათური, გამარჯვებული კონკურსანტის აკადემიური ხარისხისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, აკადემიური დატვირთვის (ლექცია-სემინარები, სასწავლო პრაქტიკის, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სტუდენტთა ცოდნის შემფასებელ კომისიებში მონაწილეობა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამების კომპონენტების სილაბუსების მომზადება-გადამუშავება) 1 საათზე გაანგარიშებით. აკადემიური დატვირთვა - სასწავლო წლის განმავლობაში (კალენდარული წლის სექტემბერი-ივნისი).

 

  1. 2. სამუშაოდ მიღების ვადები

ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ-პროფესორები სამუშაოდ მიღებულ იქნებიან 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად. კონკურსის გამარჯვებულები, რომლებსაც აქვთ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტში“ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, სამუშაოდ მიღებულ იქნებიან გამოსაცდელი ვადის გარეშე.

გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირი დაინიშნება უვადოდ, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე - 4 წლის ვადით (გამოსაცდელი ვადის ჩათვლით).

 

  1. 3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ასოცირებული პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე პირმა, რომელსაც აქვს:

ა) დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;

ბ) მაგისტრის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 2 ისეთი პუბლიკაცია რეფერირებად სამეცნიერო ან სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში, რომელიც შეეხება მოცემული სფეროს აქტუალურ პრობლემებს.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს:

ა) დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;

ბ) მაგისტრის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გასაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 1 ისეთი პუბლიკაცია რეფერირებად სამეცნიერო ან სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში, რომელიც შეეხება მოცემული სფეროს აქტუალურ პრობლემებს.

ყველა კონკურსანტი უნდა ფლობდეს:

ა) ქართულ ენას - სრულყოფილად;

ბ) ინგლისურ ენას - სულ ცოტა, C1 დონეზე.

 

  1. 4. კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა

ა) განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორისადმი დასაკავებელი თანამდებობის (მიმართულების ჩათვლით) და წარმოდგენილი საბუთების/მასალების მითითებით;

ბ) კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);

გ) კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მოქალაქეებისათვის - პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

დ) დოქტორის/მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

ე) შრომის წიგნაკი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი ან შესაბამისი დაწესებელებების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობები და მათი ქსეროასლები, რომლებითაც დასტურდება:

ე.ა) შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;

ე.ბ) ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე.გ) პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ვ) სპეციალობით ან პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) და მათი ქაეროასლები;

ზ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობაზე, მაგისტრანტების სახელისა და გვარის და სამაგისტრო ნაშრომების თემების მითითებით და ამ ცნობის ქსეროასლი;

თ) იმ სადოქტორო ნაშრომების ავტორეფერატები, რომელთა სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო კონკურსანტი და ავტორეფერატების იმ გვერდების ქსეროასლები, რომლებზეც მითითებულია დისერტანტისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა და დისერტაციის თემა;

ი) ცნობები ბოლო 5 წლის მანძილზე კონკურსანტის მონაწილეობით შესრულებული, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, გაცემული იმ დაწესებულების მიერ, სადაც ეს პროექტები შესრულდა, პროექტის სახელწოდების, მისი შესრულების ვადების, პროექტის განხორციელებაში კონკურსანტის პოზიციის მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;

კ) ის სამეცნიერო ჟურნალები, რომლებშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია სამეცნიერო-კვლევითი სტატიები კონკურსანტის ავტორობით ან თანაავტორობით და ყოველი ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული სტატიის პირველი გვერდის ქსეროასლი (შეფასდება მხოლოდ ისეთი სტატიები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);

ლ) სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, რომლებშიც გამოქვეყნებულია კონკურსანტის მოხსენებების თეზისები, ამ კრებულებისა და კონკურსანტის მოხსენებების მათში გამოქვეყნებული თეზისების პირველი გვერდების ქსეროასლები (შეფასდება მხოლოდ ისეთი მოხსენებების თეზისები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);

მ) იმ სამეცნიერო ჟურნალების თითო ნომერი, რომლის რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრი იყო/არის კონკურსანტი, ამ ჟურნალის პირველი და იმ გვერდის ქსეროასლი, რომელშიც მითითებულია რედატორად, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრად კონკურსანტის ყოფნა;

ნ) კონკურსანტის ავტორობით/თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები და მათი პირველი გვერდების ქსეროასლები;

ო) ცნობები, გაცემული საერთაშორისო საგრანტო პროექტების დონორი ან ბენეფიციარი ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ, რომლებითაც დასტურდება ამ პროექტებში კონკურსანტის მუშაობის გამოცდილება, თითოეულ პროექტში კონკურსანტის სტატუსის (პოზიციის) მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;

პ) კონკურსანტის მიერ შერჩეული, დასაკავებელი თანამდებობის მიმართულების ერთ-ერთი საგნის სწავლების სტრატეგიის თაობაზე მის მიერვე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი და მისი ქსეროასლი;

ჟ) კონკურსანტის მიერ შერჩეული, დასაკავებელი თანამდებობის მიმართულების ერთ-ერთი საგნის რომელიმე ერთი თემის დისტანციური სწავლებისათვის მის მიერვე მომზადებული მეთოდური მასალა, რომლითაც შეფასდება სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების ეფექტური გამოყენების უნარი - წერილობითი აღწერა და მისი ქსეროასლი და ვიდოგაკვეთილი, ჩაწერილი CD დისკზე;

რ) კონკურსანტის მიერ შერჩეულ ერთ თემაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარების თაობაზე მის მიერვე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი და მისი ქსეროასლი;

ს) ერთი CD დისკი, რომელზეც .pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი.

თუ კონკურსანტს უკავია აკადემიური თანამდებობა შპს „ქუთაისის უნივერსიტეტში“, წინა აბზაცის „გ“-„ე“ პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა საჭირო არაა.

 

  1. 5. საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები

კონკურსანტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თვითონ, 2015 წლის 21 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე, სამუშაო დღეებში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის მისაღებში (ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა, 13, მე-2 სართული).

საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ქსეროასლების თითოეული ფურცლის შესაბამისობას დედანთან ქსეროასლზე ხელმოწერით ადასტურებენ კონკურსანტი და საბუთების მიღებაზე პასუხიმგებელი პირი. შემოწმების დასრულებისთანავე წარმოდგენილი საბუთების (გარდა განცხადებისა) დედნები უბრუნდება კონკურსანტს. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, შეამოწმოს წარმოდგენილი საბუთების (ასლების) ნამდვილობა. თუ რომელიმე საბუთი ყალბი აღმოჩნდა, კონკურსანტი დისკვალიფიცირებულ იქნება.

საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირია ჟენია ენდელაძე.

საკონტაქტო ტელეფონი: +431 24 52 97.

 

  1. 6. კონკურსის პირობები

კონკურსს ჩაატარებს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია.

კონკურსი მოიცავს:

ა) კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტი, რომლის კვალიფიკაციაც არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, დისკვალიფიცირებულ იქნება - გადაწყვეტილება მიიღება 2016 წლის 5 იანვრამდე;

ბ) კონკურსანტის კომპეტენციის შეფასებას წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტთა კომპეტენცია შეფასდება 2016 წლის 25 იანვრამდე; კონკურსანტები, რომელთა კომპეტენციის მაჩვენებელი ნაკლები იქნება კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე, მოიხსნებიან კონკურსიდან;

გ) გამოცდას ინგლისურ ენაში: გამოცდა ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობაში 2016 წლის 1 თებერვალს, 12:00 საათზე;

დ) კონკურსანტების საჯარო ლექციების მოსმენა-შეფასებას: თითოეული კონკურსანტი 30 წუთიან საჯარო ლექციას წაიკითხავს საკონკურსო კომისიის სხდომაზე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობაში, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ თემაზე; საჯარო ლექციები ჩატარდება 2016 წლის 5-6 თებერვალს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

ინფორმაცია საჯარო ლექციის თემის, მისი ჩატარების ზუსტი  დროისა და ადგილის შესახებ კონკურსანტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით 2016 წლის 25 იანვარს.

საკონკურსო კომისიის ყველა გადაწყვეტილება, მიღებული კონკურსანტთან დაკავშირებით, ამ კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით გადაწყვეტილების მიღების დღესვე.

კონკურსის გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს 2016 წლის 9 თებერვალს.

კონკურსის გამარჯვებულის შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებას  შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორი გამოსცემს არაუგვიანეს 2016 წლის 1 მარტისა.

კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და წესები დაწვრილებითაა აღწერილი შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდების მე-7 მუხლში. წესდების ტექსტი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://unik.edu.ge/uploads/documents/main/KU_WESDEBA2015_WEB.pdf.

 


ბოლო სიახლეები